ფოთის ყოფილ მერს, ირაკლი კაკულიას 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა

726

ფოთის ყოფილი მერი და საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კაკულია და ამ საქმეზე ბრალდებულ კიდევ რამდენიმე პირი, ზუგდიდის სასამართლოს მოსამართლე შოთა ბიჭიამ დამნაშავედ ცნო ნახევარ მილიონ ლარზე მეტის გაფლანგვის საქმეზე. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.

ირაკლი კაკულიას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ის თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. მისი ადვოკატი, ედიშერ ქარჩავა უსამართლოს უწოდებს ამ გადაწყვეტილებას, გასაჩივრებას გეგმავს და დარწმუნებულია, რომ ის გაუქმდება.

უფლებადამცველმა “ლაივპრესს” უთხრა, რომ მოსამართლემ ქრთამზე ააგო განჩინება და ბრალდებული 339-ე, ქრთამის მიცემის მუხლით გაასამართლა.

რაც შეეხებათ დანარჩენებს, ოთხ პირთან პროკურატურამ საპროტესტო შეთანხმება გააფორმა, ყოფილი მერის ორ მოადგილეს 7-7 წლით პატიმრობა მიესაჯა თაღლითობაში დახმარებისთვის, კიდევ ერთ პირს კი ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ადვოკატი ამბობს, რომ ორწლიანი პატიმრობა შოთა ბიჭიამ პირობითით არ შეცვალა და ჯამში, ირაკლი კაკულია და მისი გუნდი “დასაჯა” მიღებული გადაწყვეტილებით.

ედიშერ ქარჩავას განმარტებით, შოთა ბიჭიამ “დაამკვიდრა” ახალი სასამართლო პრაქტიკა, რითაც ის, როგორც სამართალმცოდნე, გაკვირვებულია.

“რაც უფრო საინტერესოა ამ ახალი სასამართლო პრაქტიკით, რომ თუ ორი მოწმე იტყვის ნებისმიერ მოქალაქეზე, რომ მე თქვენ მოგეცით ფული, და ამის სხვა არანაირი დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს, არც გადარიცხვა, არც რაიმე დოკუმენტი, რითაც შეიძლება აღნიშნული იყოს სესხის ხელშეკრულება. ნაღდ აღებაზე ხომ ზედმეტია საუბარი.. ამ ორი მოწმის ჩვენებით თუ შესაძლებელი იყო ქრთამის აღების ფაქტი, ეს არის ახალი სასამართლო პრაქტიკა, რომელიც გამაოგნებელია”, – აღნიშნა ედიშერ ქარჩავამ.

ადვოკატი ფიქრობს, რომ მოსამართლე შოთა ბიჭიამ პირადი ინტერესით იხელმძღვანელა გადაწყვეტილების მიღებისას.

“ის თავის დროზე იმყოფებოდა “ქართული ოცნების” ყოფილი ხელმძღვანელი პირების მხრიდან გავლენის ქვეშ, რომლებიც დღეს ოპოზიციაში არიან. ასევე, სააპელაციო სასამართლოში ჩვენ მას გავუუქმეთ უკანონო გადაწყვეტილებები, რომლითაც მან დააყადაღა ირაკლი კაკულიას ძმის წილი და ქონება, რომელიც არანაირ კავშირში არ იყო ამ საქმესთან. ამ გაუქმებების შემდეგ, მან პირადით ინტერესით მიიღო ეს გადაწყვეტილება ქრთამთან დაკავშირებით”, – გვითხრა ადვოკატმა.

ირაკლი კაკულია და მასთან ერთად კიდევ რამდენიმე საჯარო მოხელე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, 2019 წლის 8 ნოემბერს დააკავა. მას პატიმრობა შეფარდა. მოგვიანებით გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ჯამში პროკურატურა 528 821 ლარის გაფლაგვაზე საუბრობს, საიდანაც მათივე მტკიცებით, კაკულიამ 170 ათასი მიითვისა. დაკავებულებს შორის იყვნენ კულტურის სამსახურის უფროსი და მერის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ გრიგოლია, საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე და მერის ყოფილი მოადგილე ლევან ჩოჩია და ინფრასტრუქტურის სამსახურის ყოფილი უფროსი ზურაბ ყურუა. სულ 11 პირი.

გამოძიების ინფორმაციით, 2015 და 2017 წლებში, ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაფორმდა ორი ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა ქალაქ ფოთში, მალთაყვის უბანში, სანაპირო ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებას. სამუშაოების მიმდინარეობისას, კონტრაქტორი კომპანიების ხელმძღვანელებს შესრულებული სამუშაოების აქტებში – საანგარიშსწორებო დოკუმენტებში შეჰქონდათ ყალბი, გაზრდილი მონაცემები შესრულებული სამუშაოების მოცულობებთან დაკავშირებით, რა გზითაც, ისინი მოტყუებით ეუფლებოდნენ სახელმწიფო სახსრებს. საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზებით დადგენილია, რომ ერთ შემთხვევაში მოტყუებით დაუფლებულია 439 892 ლარი, ხოლო მეორე შემთხვევაში 88 929 ლარი, ჯამში 528 821 ლარი.

დაკავებულებს ბრალად ედებოდათ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლებაში დახმარება, სახელმწიფო ქონების გაფლანგვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამსახურებრივი გულგრილობა და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება-გამოყენება.