მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში მკითხველთა მიღება დროებით შეწყდა

600

მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო ბიბლიოთეკაში, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, დროებით მკითხველთა მიღება შეწყდა. როგორც ბიბლიოთეკის „ფეისბუკ“ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში წერია, ამ ეტაპზე სადენზინფექციო სამუშაოებს ჩაატარებენ. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.

„მკითხველთა მომსახურების პროცესი დროებით შეწყდება, მიმდინარე წლის 2 მარტიდან 16 მარტამდე. ამ პერიოდში ჩატარდება სადენზიფექციო სამუშაოები: დამუშავდება წიგნები, ოთახები და ინვენტარი,“ – წერია ბიბლიოთეკის „ფეისბუკ“ გვერდზე.

კორონავირუსის გამო, მარნეულში გაუქმდა 3 და 8 მარტს დაგეგმილი ხალხმრავალი ღონისძიებები, დამუშავდა მუნიციპალური ტრანსპორტი სადენზინფექციო ხსნარებით და სწავლა რამდენიმე კვირით შეწყდა სკოლებსა და ბაღებში. საქართველოში ახალი კორონავირუსის სამი დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.