“კომენტარს არ ვაკეთებთ” – ახალციხის მერია ზიკილიაში სტალინის მონუმენტის აღმართვაზე

79

წინა სტატია

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში განაცხადეს, რომ ზიკილიაში სტალინის მონუმენტის დადგმასთან დაკავშირებთ, კომენტარს არ გააკეთებენ. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

გამოცემა წერს, რომ მერიისგან პასუხს ორი დღეა ელოდებიან, დღეს, 27 თებერვალს კი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა უარი განუცხადა ინფორმაციის მოწოდებაზე.

საია-ს იურისტი ქეთი ბებიაშვილი აცხადებს, რომ განმარტება აღნიშნულთან დაკავშირებით, ადგილობრივმა თვითმმართელობამ აუცილებლად უნდა გააკეთოს.

„მემორიალის დადგმის საკითხი წესით მათი ნებართვის საფუძველზე უნდა გადაწყვეტილიყო. მინიმუმ მაგათი [მერიის] ვალდებულება ისაა, რომ აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამის კომისიას შეატყობინონ. აქედან გამომდინარე ამაზე კომენტარი გასაკეთებელი აქვთ“,- აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ქეთი ბებიაშვილი.

ახალციხეში, სოფელ ზიკილიაში სტალინის გამოსახულებიანი რკინის კონსტრუქცია აღმართეს, ადგილობრივები ამბობენ, რომ მონუმენტი სამი წლის წინ დაზიანდა და ახლა შეაკეთეს. იურისტების განმარტებით, მომხდარით სუს–ი უნდა დაინტერესდეს.

დაიწყო თუ არა მოკვლევა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, უცნობია. პრესამსახურისგან პასუხს ჯერ კიდევ ველოდებით: „ჩვენ თვითონ დაგირეკავთ“.