ახალციხეში, სოფელ ზიკილიაში სტალინის გამოსახულებიანი რკინის კონსტრუქცია აღმართეს, ადგილობრივები ამბობენ, რომ მონუმენტი სამი წლის წინ დაზიანდა და ახლა შეაკეთეს. იურისტების განმარტებით, მომხდარით სუს–ი უნდა დაინტერესდეს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
ზიკილიაში სტალინის მონუმენტი სოფლის ცენტრში, შემაღლებულ ადგილზე დგას და ცენტრალური გზიდანაც ჩანს.
რკინის კონსტრუქცია სოფელში პირველად სტალინის 100 წლისთავთან დაკავშირებით გააკეთეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ის დაახლოებით სამი წლის წინ ქარმა ჩამოაგდო, აღდგენა კი აქამდე ვერ შეძლეს.
დაახლოებით ერთი თვის წინ გავაკეთეთ, ფული შევაგროვეთ სოფელმა. ვისაც არ მოსწონს ნუ შეხედავს. არავის მივცემთ უფლებას, რომ ჩამოხსნან. ეგ ერთი კაცი გვყავდა მსოფლიოში, ახლა რომელია ასეთი კარგი მითხარით,- ამბობენ ადგილობრივები.
სოფელში ახალციხის მერის წარმომადგენლი გრიგოლ ღამბაშიძე ამბობს, რომ მონუმენტის აღდგენა მოსახლეობის სურვილი იყო და მათ წინააღმდეგ ვერ წავიდოდა.
„შემოდგომით აღადგინეს, კომუნისტების დროიდან დგას. ნებართვაც აქვთ აღებული მაშინდელი აღმასკომის თავმჯდომარისგან. ტერიტორია მემორიალადაა დაკანონებული“,- განაცხადა ღამბაშიძემ.
2011 წელს მიღებული კანონი „თავისუფლების ქარტია“ საჯარო სივრცეში კრძალავს საბჭოთა ტოტალიტარულ და ფაშისტურ სიმბოლიკას, საკულტო ნაგებობებს, ძეგლებს, მონუმენტებს, ბარელიეფებს, წარწერებს, ასევე, ქუჩების, მოედნების, სოფლებისა და დაბების სახელწოდებებს.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, ქეთი ბებიაშვილი ამბობს, რომ აღნიშნული საკითხი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უნდა შეისწავლოს.
„კანონი გულისხმობს რომ საბჭოთა სიმბოლიკის მატარებელი ნებისმიერ რამ უნდა იქნეს აღებული. სუს–მა უნდა მოახდინოს რეაგირება. საქართველოში ხშირად მსჯელობენ სტალინის ძეგლთან დაკავშირებით, ამიტომ საბჭომ უნდა განსაზღვროს ეს გამოსახულება არის თუ არა საბჭოთა სიმბოლიკის მატარებელი. აღნიშნულ საკითხზე რეაგირება მუნიციპალიტეტის მხრიდანაც უნდა მოჰყვეს“, – ამბობს ბებიაშვილი.
„სამხრეთის კარიბჭე“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა. უწყებისგან კომენტარს ჯერ კიდევ ველოდებით.