აუდიტი: ლანჩხუთის თვითმმართველობამ საკრებულოს არათანამდებობის პირებზე 148 600 ლარი დაუსაბუთებლად გასცა

136

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ლანჩხუთის თვითმმართველობამ საკრებულოს არათანამდებობის პირებზე 148 600 ლარი დაუსაბუთებლად გასცა, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში.

ამავე ანგარიშის მიხედვით, 2017-2018 წლებში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში საკრებულოს არაანაზღაურებადი წევრების ხარჯები გაიცემოდა მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ
დამტკიცებული რეგლამენტით. რეგლამენტის მიხედვით, საკრებულოს სხდომებსა და
მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, ამომრჩევლებთან შეხვედრების, ასევე, საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისათვის, საკრებულოს წევრებს (გარდა თანამდებობის პირებისა) ხარჯების ასანაზღაურებლად განესაზღვრათ ზღვრული მოცულობა, ყოველთვიურად 397.5 ლარი.

აუდიტის სამსახურისთვის წარდგენილი ინფორმაციის მიხედვით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს არათანამდებობის პირებს, 2017-2018 წლებში, ხარჯების ანაზღაურების სახით, მიღებული აქვთ სულ 148.6 ათასი ლარი.

“მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა დოკუმენტური მტკიცებულებები საკრებულოს წევრების ხარჯების დასადასტურებლად. „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, საკრებულოს არათანამდებობის პირებს, ეძლევათ არა ფიქსირებული გასამრჯელო, არამედ უნაზღაურდებათ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები. შესაბამისად, თანხის გაცემის საფუძველი უნდა იყოს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია”, ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.

ამასთან, აუდიტის ანგარიშის მიხედვით, საკრებულოს წევრებზე ანაზღაურებულია დადგენილებით განსაზღვრული მაქსიმალური თანხები, რაც მიანიშნებს დაუსაბუთებლად თანხების გაცემაზე, რადგან შეუძლებელია საკრებულოს ყველა წევრს ჰქონდეს ერთი და იგივე შესასრულებელი დავალებები და იდენტური ხარჯი.

სახელმწიფო აუდიტის დასკვნით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა, 2017-2018 წლებში მუნიციპალიტეტის საკრებულოს არათანამდებობის პირებზე ხარჯების ასანაზღაურებლად 148.6 ათასი ლარი გასცა შესაბამისი დოკუმენტური დადასტურების გარეშე.

აუდიტის სამსახური მიმართავს რეკომენდაციით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიას (შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა) არ აანაზღაუროს საკრებულოს არათანამდებობის პირებზე უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები, შესაბამისი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე.

“მნიშვნელოვანია, რომ საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი და პრაქტიკა, სრულ შესაბამისობაში იყოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან. აღნიშნული უზრუნველყოფს საკრებულოს წევრის არაანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ დადგენილი პრინციპის დაცვას, ასევე, საბიუჯეტო სახსრების დასაბუთებულ ხარჯვას”, – ნათქვამია აუდიტის რეკომენდაციაში