აუდიტი: 2017-2018 წლებში ლანჩხუთის თვითმმართველობამ 105.1 ტონა საწვავი დახარჯა

676

წინა სტატია

შემდეგი სტატია

2017-2018 წლებში ლანჩხუთის თვითმმართველობამ 105.1 ტონა საწვავი დახარჯა – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში. ამავე ანგარიშის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის სატრანსპორტო საშუალებების დაათვალიერებისას გამოვლინდა, რომ ავტომანქანებზე „აგაი“ სისტემის ჩიპი ზოგგან მოხსნილი იყო, ხოლო ზოგან არ იყო მყარად დამაგრებული.

აუდიტის ცნობით, ლანჩხუთის მერიამ ვერ წარადგინა „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის ან ჩანაცვლების წესის“ შესაბამისად მიღებული სამართლებრივი აქტი.

“მთავრობის დადგენილება თვითმმართველობებისათვის სარეკომენდაციო ხასიათისაა, თუმცა საბიუჯეტო სახსრების რაციონალური და გონივრული ხარჯვის პრინციპიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია მისი შესრულება.

2017-2018 წლებში, საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, საშტატო რიცხოვნობიდან გამომდინარე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტისათვის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად რეკომენდებული იყო 6-7 ერთეული სამორიგეო ავტომანქანა. მუნიციპალიტეტი 2017 წელს სარგებლობდა ბალანსზე რიცხული 6
სამორიგეო და 38 კერძო საკუთრებაში არსებული მანქანით, ხოლო 2018 წელს − ბალანსზე
რიცხული 3 სამორიგეო და 30 კერძო საკუთრებაში არსებული ავტომობილით”, – წერია აუდიტის ანგარიშში.

მუნიციპალიტეტის მიერ 2017-2018 წლებში სულ გახარჯულია 105.1 ტონა საწვავი. სატრანსპორტო საშუალებებზე საწვავის ჩასხმა ხორციელდებოდა „აგაი“ სისტემის მეშვეობით. აუდიტის ჯგუფმა შეისწავლა საწვავის ხარჯვა ცალკეული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიხედვით. წარმოდგენილი მონაცემების შესწავლით გამოვლინდა, რომ დროის მცირე მონაკვეთში, ავტომანქანებში ჩასხმულია ავზის ტევადობაზე მეტი ოდენობის საწვავი. რამდენიმე მაგალითი წარმოდგენილია ცხრილში:

მერიის წარმომადგენლებთან ერთად, აუდიტის ჯგუფმა მუნიციპალიტეტის მიერ სამსახურებრივი საჭიროებისათვის გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებები დაათვალიერა. რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ ავტომანქანებზე „აგაი“ სისტემის ჩიპი ზოგგან მოხსნილი იყო, ხოლო ზოგან არ  იყო მყარად დამაგრებული. შესაბამისად, შესაძლებელია „აგაი“ სისტემის ჩიპის გამოყენება სხვა მანქანებზეც. აღნიშნული გარემოებები წარმოშობს არაავტორიზებულ ავტომანქანებში საწვავის ჩასხმისა და მისი არასამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენების რისკებს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხედვით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს სათანადო კონტროლი არ აქვს დაწესებული საწვავის მიზნობრივ გამოყენებასა და რაციონალურ ხარჯვაზე.შესაბამისად, კონტროლის არარსებობის პირობებში, „აგაი“ სისტემის გამოყენება შესაძლებელია არასამსახურებრივი მიზნებისთვის. როგორც ანგაირიშში ვკითხულობღ, აუდიტის ობიექტს არ გააჩნია რაციონალური მიდგომა, მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამოყენებასა და საწვავის ხარჯვასთან დაკავშირებით.

“ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითმა ორგანომ აღმასრულებელ ორგანოსთან შეთანხმებით, გონივრულობის პრინციპის გათვალისწინებით, შეიმუშაოს წესი, რითაც დარეგულირდება სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო სამორიგეო ავტომანქანების რაოდენობა და განისაზღვრება საწვავის ხარჯვის კონტროლის მექანიზმები.

აღნიშნული დოკუმენტი, რომელიც დაფუძნებული იქნება საუკეთესო პრაქტიკაზე, ხელს შეუწყობს
მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო პარკის ოპტიმიზაციას, საწვავის და მოვლა-შენახვის ხარჯების რაციონალიზაციას. ამასთანავე, მიზანშეწონილია შემუშავებული წესი თავსებადი იყოს საქართველოს მთავრობის შესაბამის დადგენილებასთან. მუნიციპალიტეტმა გამოავლინოს არაავტორიზებულ ავტომანქანებში საწვავის ჩასხმის ფაქტები და შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიმართ გაატაროს სათანადო ღონისძიებები”, – წერია აუდიტის რეკომენდაციაში.