ინფრასტრუქტურის სამინისტრო: ბაკურიანში სტაბილური წყალმომარაგების შენარჩუნებისთვის დამატებით, სარეზერვო ქსელის მოწყობა მიმდინარეობს

694

ბაკურიანში წყალმომარაგების ეტაპობრივად აღდგენის პარალელურად, არსებული დებიტის კიდევ უფრო გაზრდისა და სტაბილური წყალმომარაგების შენარჩუნების მიზნით, მოპოვებული ახალი სათავიდან ქსელზე დაერთებითი სამუშაოები გრძელდება, – აცხადებენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

მათივე ცნობით, წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკური სამსახური სამუშაოებს დღის ბოლოს დაასრულებს.

“ტექნიკური სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოეწყობა ახალი სარეზერვო ქსელი და არსებული წყლის დებიტი კიდევ უფრო გაიზრდება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ბაკურიანის წყალმომარაგებას. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, კომპანიის მორიგე ჯგუფები ადგილებზე იქნებიან მობილიზებული, რათა შემდგომი ავარიებისა და შეფერხების შემთხვევაში, პრობლემები დროულად აღმოფხვრან“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, ბაკურიანს წყალმომარაგება დღის განმავლობაში ეტაპობრივად აღუდგება.