აუდიტი: თერჯოლის მუნიციპალიტეტში გზების ნაწილი უხარისხოდ დაიგო, თუმცა, მერიამ სამუშაოები მაინც ჩაიბარა

2478

წინა სტატია

შემდეგი სტატია

თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფლების – ზედა საზანოსა და 26 მაისის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დაჯდა 471 000 ლარი, ასევე თერჯოლა-სიქთარვის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დაჯდა 687.500 ლარი, თუმცა ორივე ინფრასტრუქტურული პროექტი შესრულებულია უხარისხოდ, დაზიანებულია და მოსახლეობას მიეწოდება ხარვეზებით, – ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში.

აუდიტის დასკვნაში წერია, რომ მუნიციპალიტეტი ვალდებული იყო შეესწავლა არსებული დაზიანებების გამომწვევი მიზეზები და სამუშაოების უხარისხოდ შესრულების დადასტურების შემთხვევაში, მიმწოდებლის მიმართ გაეტარებინა სამართლებრივი ღონისძიებები, თუმცა ეს არ მოხდა.

როგორც აუდიტის სამსახური აცხადებს, მუნიციპალიტეტის მიერ დანერგილი კონტროლის მექანიზმი ვერ უზრუნველყოფს ინფრასტრუქტურული პროექტების მდგომარეობის შესახებ მერიის დროულ ინფორმირებას. სამუშაოების მონიტორინგის, მიღება-ჩაბარებისა და მოვლა-პატრონობის ეტაპზე არსებული მართვის სისუსტეების გამო, დაზიანებულია ინფრასტრუქტურული პროექტები და საბიუჯეტო სახსრები არაეფექტიანად იხარჯება.

კერძოდ, ანგარიშში წერია, რომ 2017 წელს მუნიციპალიტეტმა შპს „მიმდემისგან“ შეისყიდა სოფელ ზედა საზანო – 26 მაისის დამაკავშირებელ გზაზე ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები, ღირებულებით − 471.0 ათასი ლარი.  შემსყიდველმა ორგანიზაციამ, შპს „ზაისი და კომპანიის“ მიერ გაცემული დადებითი საექსპერტო დასკვნის საფუძველზე ჩაიბარა მოწყობილი ინფრასტრუქტურული პროექტი, რითაც აღიარა შესრულებული სამუშაოების ხარისხის შესაბამისობა ხელშეკრულებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან. თუმცა 2019 წლის 22 თებერვალს აუდიტის ჯგუფმა ადგილზე დაათვალიერა ინფრასტრუქტურული პროექტი. შედეგად გამოვლინდა, რომ მოწყობილი ბეტონის საფარი ორ მონაკვეთზე დაზიანებულია და შეინიშნება განივი და გრძივი ბზარები.

ანგარიშის თანახმად, სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, 2017 წლის 23 აგვისტოს, მუნიციპალიტეტის ინსპექტირების ჯგუფმა ადგილზე შეამოწმა შესრულებული სამუშაოები და  აღმოჩნდა, რომ მოწყობილი ბეტონის საფარზე შეინიშნებოდა ბზარები, ასევე ბეტონის საფარის ზედაპირი იყო დეფორმირებული და უსწორმასწორო. მუნიციპალიტეტმა წერილობით აცნობა მიმწოდებელს, რომ ანგარიშსწორება განხორციელდებოდა მხოლოდ გამოვლენილი ნაკლოვანებების გამოსწორების შემდეგ. შემსრულებელმა აღმოფხვრა არსებული ხარვეზები, გააგრძელა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება.

“საბოლოოდ, ინფრასტრუქტურული პროექტის მიღება-ჩაბარება მოხდა 2017 წლის 16 ნოემბერს. შესრულებული სამუშაოების ხარისხის დადასტურების მიზნით, მიმწოდებელს წარმოდგენილი აქვს ბეტონის კუბიკების ლაბორატორიული დასკვნები და ინსპექტირების ანგარიში, რომელთა თანახმად, სამუშაოები შესრულებული იყო ხარისხიანად. მიუხედავად ინსპექტირების დადებითი შეფასებისა, მოწყობილი ინფრასტრუქტურული პროექტი მალევე დაზიანდა და ორ მონაკვეთზე შეინიშნება მნიშვნელოვანი ხარვეზები,”- წერია ანგარიშში.

როგორც აუდიტის სამსახური აცხადებს, სოფელ საზანო − 26 მაისის დამაკავშირებელ გზაზე მოწყობილ ბეტონის გზას, დათვალიერების მომენტისათვის გააჩნდა მოქმედი ხარისხის უზრუნველყოფის გარანტია. მუნიციპალიტეტის შესაბამისი პასუხისმგებელი პირები ვალდებული იყვნენ გამოევლინათ არსებული დაზიანებები და მიმწოდებლის მიმართ გაეტარებინათ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამართლებრივი ღონისძიებები, რაც არ განხორციელებულა. შედეგად, ინფრასტრუქტურული პროექტი შესრულებულია უხარისხოდ, დაზიანებულია და მოსახლეობას მიეწოდება ხარვეზებით.

მსგავსი დარღვევებია თერჯოლა-სიქთარვის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის დროსაც.

ანგარიშში წერია, რომ 2017 წელს მუნიციპალიტეტმა განახორციელა თერჯოლა-სიქთარვის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ღირებულებით − 687.5 ათასი ლარი. სამუშაოების განსახორციელებლად მერიამ ტენდერის საშუალებით ხელშეკრულება გააფორმა შპს „გი- ან 2011“-თან. მუნიციპალიტეტმა კონტროლის ჯგუფისა და ექსპერტიზის დადებითი დასკვნის საფუძველზე ჩაიბარა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები და მიმწოდებელს სრულად აუნაზღაურა შესრულებული სამუშაოების ღირებულება.

სურათი №2. თერჯოლა-სიქთარვის დამაკავშირებელი გზა

“2019 წლის 26 თებერვალს აუდიტის ჯგუფმა, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე დაათვალიერა შესრულებული სამუშაოები. შედეგად გამოვლინდა, რომ თერჯოლა-სიქთარვის დამაკავშირებელ გზაზე მოწყობილი ბეტონის საფარი მნიშვნელოვნადაა დაზიანებული და მთელს სიგრძეზე შეინიშნება განივი და გრძივი ბზარები.

პასუხისმგებელი პირის განმარტებით, მუნიციპალიტეტისათვის არსებული დაზიანებების შესახებ ცნობილი გახდა 2018 წელს. შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნით, მიმწოდებელმა ხარისხის უზრუნველყოფის გარანტიის ფარგლებში ნაწილობრივ გამოასწორა ხარვეზები. კერძოდ, ბზარები შეავსო ბიტუმით. რაც შეეხება ძირითად ხარვეზს, რომელიც ფიქსირდება გზის გასწვრივ ნაპრალის სახით, მიმწოდებლის მტკიცებით, გამოწვეულია გეოლოგიური პროცესებით და მისი აღმოფხვრის ვალდებულება არ აქვს. აღნიშნული გზის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვისას, მუნიციპალიტეტს არ ჰქონდა შესწავლილი არსებული ტერიტორიის გეოლოგიური მდგომარეობა და არც პროექტის ავტორისთვის დაუკვეთავს აღნიშნული საკითხის გამოკვლევა,”- წერია აუდიტის დასკვნაში.

ამ შემთხვვეშიც აუდიტი აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტი ვალდებული იყო შეესწავლა არსებული დაზიანებების გამომწვევი მიზეზები და სამუშაოების უხარისხოდ შესრულების დადასტურების შემთხვევაში, მიმწოდებლის მიმართ გაეტარებინა სამართლებრივი ღონისძიებები. ხოლო თუ დაზიანებები გამოწვეულია გეოლოგიური პროცესებით, აღნიშნული უნდა დაედასტურებინა შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნით, რაც არ განეხორციელებია. თავის მხრივ, საპროექტო ორგანიზაცია ვალდებული იყო პროექტის მომზადების ეტაპზე, ადგილზე შეესწავლა ტერიტორია. გეოლოგიური პროცესების არსებობის შემთხვევაში უნდა ეცნობებინა მუნიციპალიტეტისათვის. რაც მუნიციპალიტეტს საშუალებას მისცემდა შეესყიდა არსებულ მდგომარეობაზე მორგებული საპროექტო დოკუმენტაცია და თავიდან აეცილებინა გზის საფარის დაზიანება.

გარდა ზემოთ აღნიშნული შემთხვევებისა, ასევე დაზიანებულია და უხარისხოდ არის მოწყობილი 4 ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა შესახებ ინფორმაცია მოცემულია ცხრილში.

აუდიტის ჯგუფის მიერ დათვალიერების მომენტისათვის, ინფრასტრუქტურულ პროექტებს გააჩნდა მოქმედი საგარანტიო ვადა, რომლის ფარგლებშიც უნდა მომხდარიყო არსებული ნაკლოვანებების გამოსწორება. მუნიციპალიტეტმა მიმწოდებლისგან ზეპირი კომუნიკაციით მოითხოვა ნაკლოვანებების აღმოფხვრა. წარმოდგენილი ინფორმაციით, 2019 წლის აპრილის ბოლოსთვის გოდოგანი-ნაგარევი-ბროლისქედის და ჭოგნარი- ოდილაურის დამაკავშირებელ გზაზე, შემსრულებლებმა განახორციელეს არსებული ბზარების გუდრონითა და გვერდულების ქვიშახრეშოვანი ნარევით შევსება. აუდიტის ჯგუფი ვერ გამოთქვამს მოსაზრებას, რამდენად უზრუნველყოფს მიმწოდებლის მიერ ხარვეზების გამოსასწორებლად განხორციელებული ქმედება არსებული დაზიანებების სრულფასოვნად აღმოფხვრას.

აუდიტის სამსახურის რეკომენდაციია, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულომ შეიმუშაოს და დანერგოს სამშენებლო სამუშაოების მიღებისა და ჩაბარების წესი, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი, მოქმედი სტანდარტების დაცვით, სამუშაოების შესრულებისათვის საჭირო კონტროლის მექანიზმები. ნათლად უნდა განისაზღვროს, კონტროლის თითოეულ ეტაპზე ჩასატარებელი სამუშაოები და კონტროლის განმახორციელებელი პირები, მათი მოვალეობები და პასუხისმგებლობები. აღნიშნული უზრუნველყოფს კონტროლის მექანიზმების გამართულ ფუნქციონირებას, პროექტის შემოწმებისათვის საჭირო ყველა პროცედურის სათანადოდ წარმართვას და ხარისხიანი პროექტების ჩაბარებას. მუნიციპალიტეტმა შეისწავლოს პროექტების დაზიანების გამომწვევი მიზეზები, გამოავლინოს პასუხისმგებელი პირები და გაატაროს მათ მიმართ შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები.