“თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიამ, შესყიდვების განხორციელების პროცესში ვერ უზრუნველყო საბიუჯეტო სახსრების რაციონალური ხარჯვა. სატენდერო კომისიამ მიმწოდებლების შერჩევა-შეფასების ეტაპზე პრეტენდენტების მიმართ გამოიყენა არაერთგვაროვანი მიდგომა, სატენდერო წინადადების დაზუსტების გარეშე მიანიჭა პრეტენდენტებს დისკვალიფიკაცია და შედეგად, სამუშაოები შეისყიდა უფრო ძვირად. სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტების არასწორი დისკვალიფიკაციის შედეგად, მუნიციპალიტეტმა ჯამში 103.7 ათასი ლარის არაეკონომიური ხარჯი გასწია”, – ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში წერია.
როგორც ანგარიშიდან ირკვევა, მუნიციპალიტეტმა, 4 ელექტრონული ტენდერით შესყიდვისას, დაზუსტების გარეშე დისკვალიფიკაცია მიანიჭა დაბალი ფასის წარმომდგენ პრეტენდენტებს და ხელშეკრულება გააფორმა მაღალი ფასის წარმომდგენ პრეტენდენტებთან, რითაც 61.4 ათასი ლარის სატენდერო ეკონომიის მიღების შესაძლებლობა დაკარგა.
“მაგალითად, მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა ტენდერი სოფელ ბარდუბანში წყალსადენის მაგისტრალური ქსელის მოწყობისათვის, სავარაუდო ღირებულებით − 220.0 ათასი ლარი. ტენდერში მონაწილეობა მიიღო ორმა პრეტენდენტმა. დაბალი ფასი წარმოადგინა შპს “გეოპლასტმა” − 189.9 ათასი ლარი. სატენდერო კომისიამ დაბალი ფასის წარმომდგენ პრეტენდენტს დაზუსტების გარეშე მიანიჭა დისკვალიფიკაცია. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებლად იყო დატოვებული ორი პოზიცია: ავტოამწით მომსახურება და მოთუთიებული ლითონის ფურცლის ღირებულება. სატენდერო კომისიას შეეძლო აღნიშნულ ხარვეზთან დაკავშირებით მიეთითებინა პრეტენდენტისათვის და მიეცა დაზუსტების საშუალება, ვინაიდან განუფასებელი იყო არა მთლიანად ხარჯთაღრიცხვა, არამედ ხარჯთაღრიცხვის ორი პოზიცია. მუნიციპალიტეტმა შესყიდვის ხელშეკრულება გაუფორმა შპს “ჯორჯიან პლასტიკს”, ღირებულებით − 220.0 ათასი ლარი. აუდიტის ჯგუფმა შეისწავლა მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვა. შესწავლის შედეგად აღმოჩნდა, რომ ხარჯთაღრიცხვაში 10-ზე მეტი პოზიცია განუფასებელი იყო, მათ შორის, ზოგ შემთხვევაში, განფასებული იყო მხოლოდ სამუშაოს დასახელება, ხოლო საჭირო რესურსები − არა (ანალოგიური მიზეზის გამო, სატენდერო კომისიამ დისკვალიფიკაცია მიანიჭა შპს „ბეტკოს“). მიუხედავად ამისა, სატენდერო კომისიამ ხარჯთაღრიცხვა არ ჩათვალა განუფასებლად და პრეტენდენტი ცნო გამარჯვებულად. შესაბამისად, ხარჯთაღრიცხვის დაზუსტების გარეშე, გააფორმა მასთან ხელშეკრულება. ამდენად, სატენდერო კომისიამ ერთი შესყიდვის ფარგლებში, სატენდერო წინადადებების შეფასების პროცესში გამოიყენა არაერთგვაროვანი მიდგომა და მიანიჭა პრეტენდენტს დისკვალიფიკაცია. შედეგად, მუნიციპალიტეტმა აღნიშნული სამუშაო შეისყიდა 30.1 ათასი ლარით უფრო ძვირად”, – წერია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში.
კიდევ ერთი შემთხვევა სოფელ სიქთარვაში წყალსადენი სისტემის მოწყობას უკავშირდება, რომლის ტენდერიც, ღირებულებით − 689.3 ათასი ლარი, მუნიციპალიტეტმა 2018 წლის 6 სექტემბერს გამოაცხადა.
როგორც ირკვევა, ტენდერში მონაწილეობა მიიღო ორმა პრეტენდენტმა: შპს “B&B”, რომელმაც 629.1 ათასი ლარი შესთავაზა და შპს “კომფორტმშენ XXI” – 648.8 ათასი ლარით.
სატენდერო კომისიამ ორივე პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ სატენდერო წინადადებას დაზუსტების გარეშე მიანიჭა დისკვალიფიკაცია და ტენდერი ჩაიშალა.
“კომისიის სხდომების ოქმების მიხედვით, შპს B&B-ის მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის ერთ პუნქტში, “სამშენებლო ნაგვის ტრანსპორტირება”, ტრანსპორტის და მექანიზმების გრაფა განუფასებელია; შპს “კომფორტმშენ XXI”-ის მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის ერთ პუნქტში − „სხვადასხვა მანქანები“, ტრანსპორტის და მექანიზმების გრაფა განუფასებელია. სატენდერო კომისიას შეეძლო, აღნიშნულ ხარვეზებთან დაკავშირებით მიეთითებინა პრეტენდენტებისათვის და მიეცა დაზუსტების საშუალება, ვინაიდან განუფასებელი იყო არა მთლიანად ხარჯთაღრიცხვა, არამედ ხარჯთაღრიცხვის თითო პოზიცია”, – წერია აუდიტის დასკვნაში.
მოგვიანებით, 2018 წლის 10 ოქტომბერს, მუნიციპალიტეტმა, იმავე სავარაუდო ღირებულებით, აღნიშნული სამუშაოებისთვის ტენდერი კვლავ გამოაცხადა. ტენდერში ისევ მიიღეს მონაწილეობა შპს “B&B”-იმ, სატენდერო წინადადებით − 679.3 ათასი ლარი (რაც პირველ შეთავაზებაზე 50 ათასით ძვირია) და შპს “კომფორტმშენ XXI”-მა − 671.4 (22 ათასით მეტი) ათასი ლარი. მუნიციპალიტეტმა ხელშეკრულება დაბალი ფასის წარმომდგენ შპს “კომფორტმშენ XXI”-თან, ღირებულებით − 671.4 ათასი ლარი, გააფორმა, თუმცა, მან, პირველი ტენდერის ჩაშლით, საბოლოო ჯამში, მომსახურება ამ კომპანიისგან 42.3 ათასით ძვირად შეიძინა.
“აღსანიშნავია, რომ პირველი ტენდერის ჩაშლის შემდეგ, შპს „კომფორტმშენ XXI“ ინფორმირებული უნდა ყოფილიყო იმის შესახებ, რომ არსებობდა მეორე პრეტენდენტი, რომელიც მზად იყო სამუშაო შეესრულებინა 629.1 ათას ლარად. მიუხედავად ამისა შპს „კომფორტმშენ XXI“-მ დააფიქსირა როგორც კონკურენტ პრეტენდენტზე, ასევე მის მიერ პირველ ტენდერზე წარდგენილთან (648.8 ათასი ლარი) შედარებით მაღალი ფასი- 671.4 ათასი ლარი. ანალოგიურად, შპს B&B ინფორმირებული იყო მეორე პრეტენდენტის შესახებ, რომელიც მზად იყო სამუშაო შეესრულებინა 648.8 ათას ლარად. მიუხედავად ამისა, შპს B&B-მ დააფიქსირა როგორც საკუთარ წინადადებაზე (629.1 ათასი ლარი), ასევე, პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულთან შედარებით გაზრდილი ფასი – 679.3 ათასი ლარი. თუ კი პრეტენდენტებს გააჩნდათ ტენდერში გამარჯვების სურვილი, გაურკვეველია, მეორე ტენდერში რის საფუძველზე დააფიქსირეს წინა ტენდერზე გაცილებით მაღალი ფასები”, – წერია აუდიტის დასკვნაში.
უწყება ვარაუდობს, რომ არსებობს რისკი, რომ პრეტენდენტები, ასევე მუნიციპალიტეტის შესაბამისი პასუხისმგებელი პირები, მოქმედებდნენ ურთიერთშეთანხმებულად, მეტი ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური მოუწოდებს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიას, შესყიდვის პროცესის გამჭვირვალობის მიზნით, დაიცვას სამართლიანი და ერთგვაროვანი მიდგომა პრეტენდენტების მიმართ; ყურადღება გაამახვილოს და სათანადოდ შეისწავლოს დაბალი ფასის პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაცია, არ დაუშვას კანონმდებლობის შეუსაბამოდ, არასწორი მიზეზით გამოწვეული დისკვალიფიკაცია პრეტენდენტების მიმართ; აღნიშნული ხელს შეუწყობს შესყიდვების პროცესში სატენდერო ეკონომიის მიღების შესაძლებლობას.
უწყება, ასევე, ითხოვს, მუნიციპალიტეტის მერიამ გამოავლინოს აღნიშნული შესყიდვების განმახორციელებელი პირები, რომელთაც ევალებოდათ შესყიდვის პროცედურების სწორად წარმართვა და არაეკონომიური ხარჯვის თავიდან აცილება და მათ მიმართ გაატაროს სათანადო ღონისძიებები.