რისგან შედგებოდა და რაში იხარჯებოდა ქუთაისის ბიუჯეტი ზუსტად 100 წლის წინ, 1919 წელს

8022
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის არქივიდან

როგორ დგება, რაში იხარჯება და როგორ ნაწილდება მუნიციპალიტეტების ბიუჯეტები, დღესაც აქტუალური თემაა და ხშირად განსჯის საგანიც ხდება. უკვე 30 წელია, საზოგადოება მსჯელობს, თუ რისგან უნდა შედგებოდეს მუნიციპალური ბიუჯეტები, საკითხით დაინტერესებული ორგანიზაციები და ექსპერტები ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის მეტი უფლებამოსილებებისა და ფინანსური შესაძლებლობების მიცემას, ანუ რეალურ დეცენტრალიზაციას ითხოვენ, ხელისუფლებებები კი ამ უფლებების გადაცემისგან ყველა დროში თავს იკავებენ.

დეცენტრალიზაციის ბოლო ასეთი ტალღა ხელისუფლებამ 2017 წელს დაიწყო, თუმცა, მომზადებული სტრატეგიის დამტკიცებაზე მთავრობამ ცოტა ხნის წინ უარი თქვა და თვითმმართველობების უფლებრივი და ფინანსური გაძლიერება კიდევ გაურკვეველი ვადით გადაიდო.

დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის ძირითად შემოსავალს ქონების გადასახადიდან შესული თანხები წარმოადგენს, დანარჩენ ფინანსურ სახსრებს კი ცენტრალური ხელისუფლება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ტრანსფერების სახით აძლევს. ბევრი საკითხი, რასაც თვითმმართველობა უნდა აგვარებდეს, ცენტრალიზებულად, სხვადასხვა სამინისტროსგან იმართება.

ამ ფონზე კიდევ უფრო საინტერესოა, რისგან შედგებოდა მუნიციპალური ბიუჯეტები, საიდან იღებდნენ შემოსავლებს, რას აფინანსებდნენ და საბოლოოდ, როგორ მართავდნენ ქალაქებსა და სოფლებს ადგილობრივი თვითმმართველობები საუკუნის წინ, ოკუპაციამდელ დამოუკიდებელ საქართველოში.

არქივში შემონახულია ქუთაისის 1919 წლის საბიუჯეტო დოკუმენტი, რომელიც იმდროინდელ ფინანსურ შესაძლებლობებზე ბევრ რამეს ამბობს. ვნახოთ, რა წერია ქალაქის მთავარ საფინანსო დოკუმენტში, რომელიც droa.ge-ს მკვლევარმა ირაკლი ირემაძემ მიაწოდა.

შემოსავლის რა წყაროები ჰქონდა ქალაქს?

როგორც იცით, დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის შემოსავლის უმთავრეს წყაროს ქონების გადასახადიდან მიღებული თანხები წარმოადგენს, დანარჩენს ცენტრალური ხელისუფლება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ტრანსფერის სახით აძლევს. როგორც აღმოჩნდა, 1 საუკუნის წინ თვითმმართველობის შემოსავლების წყარო უფრო მრავალფეროვანი იყო.

მაგალითად, ქუთაისი შემოსავალს იღებდა როგორც ქალაქის უძრავი ქონებიდან თუ მამულებიდან, ისე ვაჭრობა-მრეწველობიდან და სხვა გადასახადებიდან. მაგალითად, 2019 წელს უძრავ ქონებათა გადასახადიდან ქალაქს 296 294.54 მანეთი უნდა მიეღო, ქალაქის მამულების შემოსავლიდან და სხვადასხვა გადასახადიდან – 310 384.22 მანეთი, ვაჭრობა მრეწველობიდან – 464 833.71 მანეთი, ხოლო ქალაქის მუნიციპალურ დაწესებულებათაგან – 717 423.30 მანეთი. სხვადასხვა შემოსავლის სახით ქალაქი, ასევე, 707 530 მანეთს იღებდა, ხოლო სხვადასხვა ბაჟიდან – 2 791 მანეთს.

კიდევ ერთი შემოსავლის წყარო “დახმარება ქალაქისათვის და მისი ხარჯების ანაზღაურებაა”, რომლისთვისაც 7 958 392.67 მანეთი იყო განსაზღვრული.

რა ხარჯები ჰქონდა ქალაქს?

როგორც ირკვევა, ქალაქის თვითმმართველობის შენახვა 1919 წელს ქუთაისს 928 505.56 მანეთი უჯდებოდა, მუნიციპალურ დაწესებულებათა შენახვა კი – 3 206 107 მანეთი. ყველაზე ცოტა – 278.41 მანეთი იყო განსაზღვრული მთავრობის დაწესებულებათა შენახვაზე.

ქალაქის კეთილმოწყობის სამუშაოებზე მაშინდელ თვითმმართველობას 698 897 მანეთი გამოუყვია, ხოლო ქალაქის უძრავ ქონებათა მოწყობა-შენახვაზე – 306 180.33 მანეთი.

დღევანდელისგან განსხვავებით, ერთი საუკუნის წინ ადგილობრივი თვითმმართველობის ექვემდებარებოდა ქალაქის სახალხო მილიცია (მუნიციპალური პოლიცია) და ცეცხლის მქრობელთა რაზმი (სახანძრო-სამაშველო სამსახური). სახალხო მილიციის შესანახად 1919 წლის ხარჯთაღრიცხვაში 2 600 899.98 მანეთია მითითებული, ცეცხლის მქრობელთა რაზმისთვის კი – 518 444.30 მანეთი. 100 წლის შემდეგ ეს უფლებამოსილებები ადგილობრივ თვითმმართველობას ჩამორთმეული აქვს და ცენტრალიზებულად იმართება.

გარდა ამისა, XXI საუკუნისგან განსხვავებით, ერთი საუკუნის წინ ადგილობრივი თვითმმართველობა განათლების საკითხებსაც კურირებდა. 1919 წელს ქუთაისის თვითმმართველობას სახალხო განათლებაზე 1 043 485.81 მანეთი გამოუყვია.

თვითმმართველობავე აფინანსებდა საექიმო, საბეითლო და სანიტარულ განყოფილებებსაც, რომელთა შენახვაზეც 2 943 781 მანეთი იყო განსაზღვრული, საზოგადოებრივი მზრუნველობისთვის კი – 18 000 მანეთი.

სამხედრო-საბინაო ბეგარაზე ქალაქს 1 000 მანეთის ხარჯი ჰქონია, ქალაქის გადასახადებზე კი – 7 299.61 მანეთი წასულა.

აღმოჩნდა, რომ 1919 წელს ქუთაისს 836 481.92 მანეთის ვალებიც გადახდაც დასჭირვებია, სხვადასხვა ხარჯებზე კი 288 287.78 მანეთი გამოუყვია.

რა უჯდებოდა სასწავლებლებისა და სამკითხველოს შენახვა ქუთაისს?

როგორც ირკვევა, საუკუნის წინ ქალაქი თავად ინახავდა პირველ და მეორე სასწავლებელსაც. დღეს, XXI საუკუნეში, საჯარო სკოლები ცენტრალიზებულად – განათლების სამინისტროსგან ფინანსდებიან და შესაბამისად, მათ სრულად ექვემდებარებიან. ერთადერთი, რაც გასულ წელს მუნიციპალიტეტებს დელეგირებულ უფლებამოსილებად გადასცეს, სკოლებში მცირე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაა.

1919 წლის დოკუმენტიდან ჩანს, რომ ქუთაისში შენობის და პედაგოგების ხარჯებს სრულად თვითმმართველობა ანაზღაურებდა. უფრო მეტიც, სასწავლებლის გამგის ბინის ქირასაც კი იხდიდა. მაგალითად, ქალაქის პირველი სასწავლებლის შენახვა ამ წელს ქუთაისს 49 200 მანეთი უჯდებოდა, მეორე სასწავლებლის კი – 90 668 მანეთი. სასწავლებლის გამგეს ხელფასი წლიურად 10 300-დან 10 500 მანეთამდე იყო განსაზღვრული, ხოლო მასწავლებლების – 10 175-10 375 მანეთით. სკოლებში, ასევე, ჰყავდათ გალობისა და ხელსაქმის მასწავლებლებიც.

პირველი სასწავლებლის გათბობაზე 1 500 კუბიკური საჟენი შეშა დასჭირვებიათ, მეორე სასწავლებლისთვის კი – 3 000.

ავეჯის შეკეთებაზე, წყალსა და სხვა წვრილმან ხარჯებზე პირველ სასწავლებელს 2 400 მანეთი ჰქონდა გამოყოფილი, მეორეს კი – 3 600.

რაც შეეხება ქალაქის სამკითხველო ბიბლიოთეკას, 1919 წელს მისი შენახვის ხარჯი 62 841 მანეთს შეადგენდა. აქედან 6 000 მანეთს ბიბლიოთეკის ბინაში იხდიდა, მისი გათბობისთვის კი 3 000 საჟენი შეშა სჭირდებოდა. 4 200 მანეთისას ჟურნალ-გაზეთებს ყიდულობდა. წიგნების შეძენისას კი 1000 მანეთი ვალიც დაუგროვებია და ამ წელს უნდა გაესტუმრებინა. წიგნების აკინძვა-შეკეთებისთვის 3 000 მანეთი ყოფილა განსაზღვრული. სხვა წვრილი ხარჯებისთვის კი – 600 მანეთი ჰქონია.

ბიბლიოთეკის გამგის ჯამაგირი წლიურად 10 175 მანეთს შეადგენდა, გამგის თანაშემწისა – 9 047 მანეთს. სამკითხველოს ორი კურიერიც ჰყოლია და მათი შრომის ანაზღაურება თითოზე 5 687.50 მანეთი იყო, დარაჯს კი წელიწადში 8 444 მანეთს უხდიდნენ.

აი, ასე იმართებოდა ქალაქი საუკუნის წინ – 1919 წელს, პირველი რესპუბლიკის დროს. მაშინდელ საქართველოში ყველა თანხმდებოდა, რომ, თუ ქვეყნის წინსვლა და განვითარება უნდოდათ, ამისთვის, პირველ რიგში, თვითმმართველობა უნდა გაეძლიერებინათ. მაშინ გატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმაც იმაზე გაბედული, სწორი და თანმიმდევრული იყო, ვიდრე 1990 წლიდან დღემდე ამ მიმართულებით გატარებული რეფორმებია თავისი ეტაპებითა თუ ტალღებით.

სამწუხაროდ, ადგილობრივი თვითმმართველობაც, ისევე, როგორც მთელი სახელმწიფო ინსტიტუტები, 1921 წლის გასაბჭოებამ დაასამარა. 70-წლიანი ოკუპაციის შემდგომ კი, აგერ უკვე 30 წელია, ადგილობრივ თვითმმართველობას მხოლოდ სიტყვით ვავითარებთ, საქმით კი უფრო და უფრო უკან ვექაჩებით.

პირველი რესპუბლიკის დროს გატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის შესახებ კვლევებსა და სტატიებს, შეგიძლიათ, გაეცნოთ ბმულებზე:

ხალხთან ახლოს, მეტი შემოსავლებით, მეტი უფლებებით – თვითმმართველობის 100 წლის წინანდელი რეფორმის საუკეთესო ისტორია

“ერობა – თვითმმართველობის რეფორმა საქართველოს რესპუბლიკაში 1918”

ადგილობრივი თვითმმართველობა 100 წლის წინ – აღმოაჩინე უცნობი მემკვიდრეობა

ამავე თემაზე, შეგიძლიათ, ნახოთ საგანმანათლებლო ვიდეორგოლებიც:

არ დაივიწყო ისტორია!

გააგრძელე ისტორია – თვითმმართველობის დროა!

შეადარე თვითმმართველობის 100 წლის ისტორია!

“სადაც ეს თვითმმართველობანი ძლიერნი არ არიან, იქ დემოკრატია სუსტია” – ნოე რამიშვილი

“მთავრობას არ ეშინია ხალხის გაძლიერების. ამიტომ იგი ცდილობს, გააძლიეროს თემები და შემდეგ შეაკავშიროს ისინი ძლიერ ერობათა ცენტრში” – ნოე ჟორდანია