რა ეტაპზეა საცურაო აუზის მშენებლობა ახალციხეში

798

წინა სტატია

ახალციხეში საცურაო კომპლექსის აშენებისთვის პროექტი ჯერ კიდევ მზადდება. მერიაში ამბობენ, რომ პროექტის სამი ესკიზიდან ერთი შეარჩიეს. სამშენებლო სამუშაოებისათვის ტენდერი ჯერ არ გამოცხადებულა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “კარკასი“ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტებს 218 360 ლარად შეასრულებს. მასთან ხელშეკრულება აგვისტოში დაიდო, თუმცა ამ დრომდე პროექტირება არ დასრულებულა.

“ჯერ მიმდინარეობს პროექტირება. კომპანიას 2021 წლამდე აქვს ხელშეკრულების ვადა. ამის შემდეგ, სამშენებლო სამუშაოებზე გამოცხადდება ტენდერი“, – განმარტავენ მუნიციპალური განვითარების ფონდში.

ახალციხეში სპორტული კომპლექსი მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, თუმცა ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, მშენებლობის შემდეგ მის მოვლა-პატრონობაზე გარკვეულ პასუხისმგებლობას მუნიციპალიტეტი აიღებს: „ჩვენთან აუზი იმიტომ დაიხურა, რომ იქ არ იყო სისუფთავე. ამჯერად, ჰოლანდიური და ავსტრიული ფილტრები იქნება დაყენებული და მისი შენახვა მოხდება თანადაფინანსებით, მაგრამ ჯერ ვერ ვისაუბრებთ თანხაზე, სანამ ხარჯთაღრიცხვა არ მოხდება“, – ამბობს მერის მოადგილე გურამ მელიქიძე.

მისივე თქმით, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მათთან უკვე გადაიგზავნა პროექტის სამი ესკიზი, რომელთაგანაც ერთი შეირჩა:

“ახლა უკვე მზად არის, პროექტის სამი ვარიანტი, ფასადისა და ინტერიერის გადმოგვიგზავნეს. შერჩეულია და გადაგზავნილიც არის. აუზის მშენებლობა საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნება იქნება“, – აცხადებს მელიქიძე.

ახალციხეში სპორტული კომპლექსის მშენებლობისათვის ტენდერი ორჯერ გამოცხადდა. პირველად იგი ტენდერში მონაწილე კომპანიისათვის დისკვალიფიკაციის მინიჭების გამო ჩავარდა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული კომპლექსის შენობაში დახურული საცურაო აუზი (ცურვის სხვადასხვა დისტანციაზე,სინქრონული ცურვა, წყალბურთი) ტრიბუნები, საჭყუმპალაო, სავარჯიშო დარბაზები და ადმინისტრაცია უნდა განთავსდეს.

გარდა ამისა, კომპლექსმა უნდა მოიცვას პარკინგის ადგილი, მთავარი შესასვლელი რეგისტრატურით, ჰოლი, სადაც შეიძლება განთავსდეს სწრაფი კვების პუნქტი, კომერციული ობიექტები, სველი წერტილები, ექიმის კაბინეტი, დაცვის ოთახი.

ამავე შენობაში კრივის, ჭიდაობის, ძალოსნობისა და სატრენაჟორო სავარჯიშო დარბაზების მოწყობა იგეგმება.