ზუგდიდში, სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში პროექტებს კენჭისყრით გამოავლენენ

65

ქალაქ ზუგდიდის ოთხ ზონაში ე.წ. არჩევნები გაიმართება. აქ კენჭს უყრიან იმ პროექტებს, რომლებიც მოსახლეობამ სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში წარმოადგინა. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.

საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიას თქმით, აქტიურობის შედეგად, პროექტების ფინანსურმა მოცულობამ თითოეული ადმინისტრაციული ერთეულისთვის გამოყოფილ 200 ათას ლარს გადააჭარბა. ამიტომ ოთხ შემთხვევაში ხმათა უმრავლესობით გამოავლენენ იმ საჭირო პროექტებს, რომლის განხორიელებაც ადგილობრივებს ყველაზე მეტად სურთ.

წარმომადგენლობითი ორგანოს ხელმძღვანელის განმარტებით, ერთადერთი, ენგურის უბანში არ შედგება კენჭისყრა, სადაც 50 ათასი ლარის ათვისება ვერ მოხერხდა. ამიტომ ფულს სხვა რომელიმე ადმინისტრაციულ ერთეულს დაუმატებენ.

“თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში გამოიყოფა ადგილი. ინფორმაცია მაქსიმალურად მიეწოდება ამ პროექტებზე მოსახლეობას და ჩატარდება კენჭისყრა. იმედია, მომავალ წელს უფრო მეტი პროექტი შემოვა, მეტი კონკურენცია იქნება პროექტებს შორის და ეს მოგვცემს საშუალებას, მერიამ და საკრებულომ განახორციელონ ზუსტად ის პროექტები, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისთვის და თითოეული ლარი მათი ნების შესაბამისად გაიხარჯოს”, – აღნიშნა მამუკა წოწერიამ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე, სადაც მერმა განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა.

მისი თქმით, წარმოდგენილი პროექტების უმრავლესობა ეხება სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტების, საბავშვო მოედნების მშენებლობას. ასევე სანიაღვრე არხის მოწყობას. ადგილობრივმა თვითმმართველობამ 40-მდე პროექტი მიიღო მოქალაქეებისგან.

სამოქალაქო ბიუჯეტის პროექტი ზუგდიდში წელს პირველად ხორციელდება. გამოიყო ერთი მილიონი ლარი, რომელიც ქალაქის ხუთ ადმინისტრაციულ ერთეულზე გადანაწილდა.