ყოფილი სახელმწიფო რწმუნებული სამგორის რაიონის გამგებლად ინიშნება

1122

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ სამგორის რაიონის გამგებლად კახა სამხარაძე ინიშნება. მისი თქმით, ახალი გამგებელი სამგორელების უფლებებს მაქსიმალურად დაიცავს.

“რამდენიმე თვე სამგორის რაიონი გამგებლის გარეშე იყო. მინდა წარმოგიდგინოთ კახა სამხარაძის კანდიდატურა. ის იყო სახელმწიფო რწმუნებული ჯერ შიდა ქართლში, შემდეგ სამცხე-ჯავახეთში. მას აქვს ძალიან კარგი გამოცდილება ადგილობრივ თვითმმართველობაში მუშაობის. ის არის მეურნე ადამიანი და დარწმუნებული ვარ, იმ პროექტებს, რომელიც ჩვენ გვაქვს დაგეგმილი სამგორის რაიონში, ჩვენთან ერთად ძალიან მაღალ დონეზე შეასრულებს და მაქსიმალურად დაიცავს სამგორელების ინტერესს “,-განცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, სამხარაძის კანდიდატურა დასამტკიცებლად საკრებულოში გადაიგზავნება.

“ბევრია პრობლემა, ბევრია გასაკეთებელი და ძალიან ბევრი შრომა და მუშაობა მოგვიწევს. ვიცი, არ გეზარებათ არც შრომა, არც ღამეების თენება და ჩაერთვებით იმ ყოველდღიურ რუტინაში, რასაც ჩვენი თითოეული თანამშრომელი აკეთებს”,- მიმართა კალაძემ სამხარაძეს.

ცნობისთვის, სამგორის რაიონის გამგებელმა კახაბერ გულედანმა თანამდებობა რამდენიმე თვის წინ საკუთარი სურვილით დატოვა.