ენგურის ხიდზე მოძრაობა უახლოეს მომავალში აღდგება

142

წინა სტატია

აფხაზეთის დეფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ენგურის ხიდის ცალმხრივად ჩაკეტვას “არსებული აუცილებლობით“ ხსნის. ამის შესახებ დეფაქტო მინისტრმა ჟურნალისტებს ჟენევაში განუცხადა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

“ეს არის დროებითი ზომა, რომელიც არსებული აუცილებლობით იყო განპირობებული. უახლოეს ხანებში ეს პუნქტი გაიხსნება და ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს. რაც შეეხება გალის შეხვედრებს, ახლა საუბარია ტექნიკურ შეხვედრაზე. მაშინ როდესაც ირაკლი კვარაცხელიას საქმეზე საქართველოს მზად ექნება მასალები, ჩვენ ამ ტექნიკური შეხვედრის ორგანიზებას დავიწყებთ და მასალებს გავცვლით“, – თქვა დაურ კოვემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლების მიერ ენგურის ხიდის ცალმხრივად ჩაკეტვას მოსახლეობისთვის თავისუფალი გადაადგილების უფლების უკანონო შეზღუდვად აფასებს.

შეგახსენებთ, რომ დეფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ენგურის ხიდი ცალმხრივად არის ჩაკეტილი და ოფიციალურად ატარებენ მძიმე ავადმყოფებს, რომლებსაც შესაბამისი ცნობა გააჩნია. დეფაქტო ხელისუფლების განცხადებით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის ზუგდიდში მიმდინარე “პროვოკაციული ხასიათის” საპროტესტო აქციებია, რომელიც “აფხაზეთის სახელმწიფოებრიობას” ეხება.

მანამდე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებას აკაკი ბობოხიძის განცხადების გამო, შესაძლოა, ენგურის ხიდი ჩაეკეტა.

ენგურის ხიდის ჩაკეტვის გამო პრობლემები შეექმნათ აფხაზეთში მცხოვრებ აბიტურიენტებს. მათმა ნაწილმა ზუგდიდში გადმოსვლა თანხის სანაცვლოდ მოახერხა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, ყველაფერს აკეთებენ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები არცერთი ახალგაზრდა უმაღლესი განათლების გარეშე არ დარჩეს.