რატომ სცემეს ტფილისის მთავარ ქუჩაზე პოლიციელებმა ქალაქელები და ვის სადღეგრძელოს სვამდნენ ლუდით 1905 წელს ტფილისში

7710

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ავტორი: ირმა სინაურიძე-მაყაშვილი

ზაფხულის სეზონი დაიწყო… ტფილისის გუბერნატორმა განკარგულება მოახდინა, რომ ჯეროვანი ყურადღება მიექცეს  სანიტარიის მხრივ ტფილისის ახლო მდებარე სააგარაკო ადგილებს: კოჯორს, მანგლისს და აღბუღალოს… უთქვამს, გზები ალაგ-ალაგ არის შეკეთებული და სასწრაფოდ გამოასწორეთო… 1903 წლის 1 ივლისიდან 1905 წლის 1 მაისამდე ქუჩების მოკირწყვლის მეტი არაფერი უკეთებიათ, სულ 218 ათას 934 მანეთი  და 82 კაპიკი დახარჯულა და   წვიმები რომ იყო,  ქუჩებში მაინც გუბეები იდგაო…

გზების ამბავი   ტფილისში  განსჯის საგანი გახდა!  ვერელმა თევდორე ბოგდამოვმა ტფილისის გუბერნატორს თხოვნით მიმართა, რომელშიც ამბობს, რომ ვერისა და დიდუბის შესაერთებლად, ჩემის ხარჯით რკინის ხიდს გავდებ მტკვარზედ იმ ადგილას, სადაც ქუთაისის ქუჩა დიდუბეში მდინარისკენ უხვევს, ოღონდ თქვენ ნებართვა მიბოძეთ, გამვლელ- გამომვლელს იმდენივე გადავახდევინო, რამდენსაც ახლა ქალაქი იღებსო. ტფილისის გუბერნატორმა ეს თხოვნა ქალაქის გამგეობას გადაუგზავნა და უბრძანა, პირველ ივლისამდე თქვენი აზრი შემატყობინეთო…

ქალაქში   წყლის ნაკლებობაა.,. ენფიანჯიანცმა განაცხადა, წყლის მეორე მილის გამოყვანა შეაგვიანებს კიდევ კარგა ხანს და ამიტომ, გამგეობას აზრადა აქვს, ქალაქის ქუჩების მოსარწყავად მტკვრის წყალი გამოიყენოსო…

გამგეობა უფულობას ასახელებს იმის მიზეზად, რომ სისრულეში არ მოჰყავს საბჭოს გადაწყვეტილება, მტკვარზე ღარიბთათვის საზაფხულო აბანოების გამართვის შესახებ, არადა, ხომ კარგად გვახსოვს, რომ გამოაცხადეს, ამ საქმისათვის საბჭომ 6000  მანეთი გადადოო…

ტფილისში არსებობს ახირებულ ადამიანთა კრებული, რომელსაც სახელად ეწოდება „ქალაქის სკოლების მასწავლებელ ქალთა საზოგადოება“. ეს საზოგადოება, თურმე, კვირაში ერთხელ იკრიბება, ესწრება 60-მდე მანდილოსანი, ხოლო ამის შემდეგ კრებაზე რა ხდება, არავინ იცის, რადგან პატივცემული პედაგოგები  პრესის წარმომადგენლებს ისე გაურბიან, როგორც სინათლეს. ხოლო კრებები რომ მშვიდობიანად არ მთავრდება, ეს იქიდანაც ჩანს, რომ კრების დარბაზიდან გამოსული მანდილოსნები საჩქაროდ ცრემლებს იწმენდენ, ზოგიც ხელების ქნევით გარბის და, თუ რაიმე შეეკითხე, პირში მოგახლის – „არ შემიძლია, არ შემიძლიაო“. ნეტა რაზე იშლიან ნერვებს პატივცემული პედაგოგები, ღვთის მადლით, ამ პროფესიის ადამიანებს ჩვენს ქალაქში ჯერ პატივი არ აკლიათო…

პოლიცია თავს გავიდა. ორიოდე დღის წინ ტფილისის პოლიცმეისტერის ბრძანება გამოქვეყნდა, რომლითაც პოლიციას ევალება, მიიღოს ყოველივე ზომები, რომ სამგლოვიარო პროცესიები ქუჩებში არ უშლიდნენ მოძრაობას. ტფილისის ქალაქის საბჭოს ხმოსანს, სვეშნიკოვს განუცხადებია, ქალაქში ხმა გავრცელდა, რომ პოლიციელებმა დაუზოგავად და განუკითხავად სცემეს ქალაქის უმცროს მოხელეებს. გაგვაგებინეთ, რად სცემს ან  ვისაო? ქალაქის მოურავმა აცნობა საბჭოს, უბნის ზედამხედველმა სცემა ავლაბრის სასწორის მწონავს  იმის გამო, რომ სასწორზე დათვი აწონა. ამის მერე პოლიციელებს რიყეზე ფარნების ამნთები უცემიათ, რადგან მას დილის 5 საათზე გაუქრია ფარანი. მერე გოლოვინზე ქალაქის მუშებიც უცემიათ, რას შეკრებილხართ ერთად და რას ლაპარაკობთ ამდენსო… გამგეობას დაუდგენია,  წერილით მიმართოს პოლიცმეისტერს, რათა პასუხისგებაში მიეცეს ყველა თავნება  პოლიციელი, ქალაქის მოსამსახურეთა ცემა-ტყეპისთვის…

ძველი ბათუმი, ეროვნული ბიბლიოთეკის არქივიდან

ბათუმში თითქმის ყველა ქარხანა დაიკეტა  და დიდძალი მუშა უსაქმოდ დარჩა. ადგილობრივი გაზეთის ცნობით, სამი ათას მუშამდე წასულა სოფლებში, თუმცა, ყოველ შაბათ-კვირას სახალხო სეირნობები მაინც იმართება…

ვეტცელიის ლუდის რეკლამა

ოტო მადერის, ლუიზა მადერის და დიტრიხის ლუდის ქარხნებმა, ახალი სააქციზო გადასახადის და მოსამსახურეთათვის ჯამაგირის მომატების გამო, ლუდი გააძვირეს. ახლა პილზენის ბოთლი ლუდი 11 კაპიკი ღირს და სწორედ იმ 11 კაპიკიანი ლუდით უნდა დავლიოთ იმის  სადღეგრძელო, ვინც ცხოვრება ასე გაგვიძვირაო- აი, ასეთი გადაწყვეტილება მიუღიათ ტფილისელებს 1905 წელს.

მაშინაც ივნისი იყო, რევოლუციის სურნელი ტრიალებდა ქალაქში.