ავტორი: ირმა სინაურიძე–მაყაშვილი
რაღაცნაირად საქმე ვერ არის კარგად… დიდი მოთმინების პატრონი უნდა იყო, რომ ის ბაკქანალია, ის უმაგალითო კამპანია აიტანო, რომელსაც ჩვენებური გალაღებული ბოლშევიკები აწარმოებენ. ყოველგვარი კილო ხომ დაკარგეს, დაბალი ხარისხის დემაგოგიური კილო ხომ გააბატონეს და სრულიად დაუმსახურებელი ტრაბახით ყურები გამოგვიჭედეს . ბაზარში ამბობდნენ, თვალყურს ვადევნებთ ყოველდღე და ვერ გავრკვეულვართ, ვისთან გვაქვს საქმე – მარქსისტებთან თუ ანარქისტებთანო…
თითქოს მზეს სითბო ეკარგება და საქმეს – ხალისი. აი, ყველგან საღი ჰაერი, ჯანმრთელობის მაცოცხლებელი სიო დაჰქრის. მიუხედავად ამისა, მთელი ტფილისი რაღაც ციებ-ცხელებას შეუპყრია. თრთის და კანკალებს ყველა შეგნებული მოქალაქე, რომელიც „არა მარტო პურითა ერთითა სცხოვრობს“, არამედ ცხოვრებაში რაიმე მიზნებსაც ისახავს. ბოლშევიკები ლოზუნგებით ალაპარაკდნენ – „აგრარული საკითხი“, „დემოკრატიული რესპუბლიკა“, „ერთა თვითგამორკვევის საკითხი“, „რვასაათიანი სამუშაო დღე“ და „სინდისის თავისუფლებაო“… თავიანთ გამოსვლებსაც ასე იწყებდნენ და ასე ამთავრებდნენ, მაგრამ მიუხედავად ასეთი იდეოლოგიისა, ყველა გრძნობს, საქართველოში სისხლის, რეპრესიებისა და ახალი მონობის ჟამი დგება…
ლტოლვილებით სავსეა ქალაქი… თქვეს, თურმე, ლტოლვილთა გამოსაკვებად და მათი ცხოვრების მოსაწყობად ქალაქმა 500 000 მანეთი გადასდო… მადლია, ადამიანურად ცხოვრება ყველას უნდა…
მაგრამ ადამიანურობაზე როგორ დავდებთ თავს? ერთი კვირის წინ მრავალრიცხოვანი ბრბო მიადგა ქუთაისის ქუჩაზე N18 სახლს და ყოფილი ჯალათი, ანტონ ჟანკოვსკის გარეთ გამოყვანა მოითხოვა. მილიციონერებმა ვერ შესძლეს ბრბოს დაწყნარება. აღელვებული ხალხი ჟანკოვსკის ოთახში შეუვარდა, ქუჩაში გამოიყვანა და იქვე მოკლა… ნეტა რა უბედურება გვჭირს ამისთანა? ღმერთი გაგვიწყრა და ეგ არის…
ხალხიც გადაირია… მთელი ქალაქი რაღაც ბრტყელ-ბრტყელი ფრაზებით საუბრობს. შუა ბაზარში მთელი დღე გაჰყვირიან – გაუმარჯოს თავისუფალ დედამიწაზე თავისუფალ ევროპას; თავისუფალ ევროპაში – თავისუფალ რუსეთს; თავისუფალ რუსეთში – თავისუფალ კავკასიას; თავისუფალ კავკასიაში – თავისუფალ საქართველოს; თავისუფალ საქართველოში – თავისუფალ იმერეთს; თავისუფალ იმერეთში – თავისუფალ გურიას; თავისუფალ გურიაში – თავისუფალ ონისიმე ჯღიბაძის ოჯახს და თავისუფალ ონისიმე ჯღიბაძის ოჯახში – ცოლ-ქმრის თავისუფლებას.
რაღაცნაირი დრო მოდის… გიჟური როკვა-ცეკვით მოიჩქარის, დღეს სულ ყველაფერს ეჭვით უცქერენ, ყველაფერს ანგრევენ და უხარიათ. ხალხი ისეა აღტკინებული, საკუთარ ეზოებსაც აღარ ალაგებენ. გუშინ მილიციის უფროსს კომისრებისთვის უთქვამს, აიძულეთ სახლის პატრონები, თავიანთი ეზოები დაასუფთაონ, თუ არადა, ან ჯარიმა მიაკარით, ანდა ვირის აბანო ახეხინეთო… ძლიერი სიცხეებია და საშიშია, სხვადასხვა მოარული სენი არ გავრცელდეს…
პირველი აპრილიდან რაჭის მაზრის სოფელ ბუგეულში ძმები წულუკიძეების გოგირდის აბანოს მუშაობა განახლდა. აბანოსთან არის ცხრა მოწყობილი ოთახი ავადმყოფებისათვის და სუფთა საბანაო თეთრი ქვის ვანები, იქვე იშოვება ყოველგვარი სანოვაგე მიმსვლელ ავადმყოფთათვის. დიდად გასახარია, რომ ამავე სოფელში, წარსულ თვის 11-ს, ადგილობრივმა სცენისმოყვარეებმა გედევანიშვილის დრამა – „გამცემი“ წარმოადგინეს. შემოსავალი – 82 მანეთი და 30 კაპიკი ადგილობრივ სამკითხველოს სასარგებლოდ გადაიდო.
ტფილისის დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა ყველა გასართობ ადგილებში კარტისა და ლოტოს თამაში აკრძალა . რას იზამ, ტფილისი ის ტფილისი აღარ არის… ქალაქი დღითიდღე იზრდება და მასთან ერთად, პრობლემების რიცხვიც. ამ დღეებში მომხდარი აღწერიდან გამოირკვა, რომ ტფილისში მცხოვრებთა რიცხვი 260 000-ს უდრისო – ასე დაუმოწმებიათ სტატისტიკა ტფილისელებს ზუსტად 102 წლის წინ, 1917 წლის 12 ივლისს…
მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა… დრო კი, ჩვენი დროის ტფილისში, მაინც ისევ რაღაცნაირი გიჟური როკვა-ცეკვით მიიჩქარის…