ავტორი: ირმა სინაურიძე–მაყაშვილი
ტფილისში, მიხეილის ქუჩაზე, 147 ნომერში, ძვირფასად მოწყობილი ბაღი გაიხსნა – “პალერმო”. ელექტრონით არის განათებული. სამზარეულო სამაგალითოა, ასეც იქნება, რადგან ევროპული და აზიური საჭმელები კულინარიის საუცხოო მცოდნის, მეგრელიშვილის ხელმძღვანელობით მზადდება. საღამოს 7 საათიდან ღამის პირველ სააათამდე გურულების ორკესტრი უკრავს. არის დიდი ზალაც სატანცაო საღამოებისთვის. მთელი ტფილისი იმ ბაღისაკენ მიედინება, ამიტომაც ქუჩები საღამოობითაც სავსეა ხალხით.
ტფილისის პოლიცმეისტერმა ბრძანა, რომ ქალაქის პოლიციამ ენერგიული დახმარება უნდა აღმოუჩინოს ტრამვაის მოსამსახურეებს ტრამვაის ვაგონებიდან ზედმეტი მგზავრების ჩამოსმის დროს… ამ სიცხეში გადაჭედილი ვაგონებით მგზავრობა საშინელებაა, მაგრამ ამ ხალხს ხომ ვერ გააგებინებ. თავს ყველა იმით იმართლებს, რა ვქნათ, ძალიან გვეჩქარებაო. ეჩქარებათ და ფაეტონებით იარონ…
ფაეტონი მალე აღარავის ენდომება. ქალაქის გამგეობამ დაადგინა: ეთხოვოს მთავრობას, ნებადართულ იქნას ტფილისის ქუჩებში ველისიპედით სიარული… გამგეობას განზრახვა ჰქონია, ველოსიპედებზე განსაკუთრებული გადასახადი შემოიღოს… ტრამვაიც კარგია, ფაეტონიც და ველოსიპედიც. ჩვენ ქვეყანაში იმდენი უცხოელი მოდის, ერთიც ძალიან გვჭირდება, მეორეც და მესამეცაო. მაგალითად, გაზეთები წერენ, რომ მაისის თვეში ბოტანიკურ ბაღს 12 000 ადამიანი სწვევია (ბავშვები არ ჩაუთვლიათ), ხოლო მოსწავლეების რიცხვი, რომლებმაც აქ დაისვენეს, 1500-ს აჭარბებს.
ბორჯომში იმდენი დამსვენებელია, თითქმის ყველა აგარაკი დაკავებულია, მიუხედავად იმისა, რომ იქ ყოფნა იაფი არ არის; ხორცი 12 კაპიკი ღირს, 100 კვერცხი – 7 კაპიკი, ქათამი – 30 კაპიკი. დანარჩენი პროდუქტის ფასი იგივეა, რაც ტფლისში. მინერალური წყლების პარკში დღეში ორჯერ უკრავს გამნაღმველთა ბატალიონის ორკესტრი, 21 ივნისიდან ბორჯომის საზაფხულო თეატრში დრამატული მსახიობების საზოგადოებამ, უნგერნის ხელმძღვანელობით, წარმოდგენები დაიწყო. სპექტაკლები კვირაში სამჯერ გაიმართება: ხუთშაბათობით, შაბათობით და კვირა დღეს. დიდებისათვის – კომედიები, ფარსები და ოპერეტები, პატარებისთვის – სინემატოგრაფი და თამაშები…
ამბობენ, 1 სექტემბრიდან, ვლადიკავკაზში, იმ ტურისტებისთვის, ვისაც ჩვენს მთებში გასეირნება უნდათ, ცნობების გაცემა შეწყდება, რადგან ამდენი ქაღალდის ყიდვას ვეღარ აუდიან. მხოლოდ გასულ თვეს სხვადასხვა მარშუტის 890 ჯგუფი გაუშვიათ, თითო ჯგუფში 200 კაცზე მეტია…
ორი დღის წინ ბაქოდან მომავალი ფრანგი ტურისტების დიდი ჯგუფი სასტუმრო “გრანდ ოტელში” დაბინავებულა. ამბობენ, ერთი კვირა იქნებიან აქ, მერე ქუთაისსა და ბათუმს აპირებენ წასვლას და იქიდან, კონსტანტინოპოლის გავლით, სამშობლოში დაბრუნდებიანო…
ყველას უხარია ჩვენს დალოცვილ სამშობლოში ჩამოსვლა, იმიტომ, რომ ისე გრძნობენ თავს, როგორც საკუთარ სახლშიო…
ამ დღეებში გორში მეორე საქალაქო აფთიაქი გაიხსნა. არენდატორმა ქალაქის სასარგებლოდ, წლიურად 1 000 მანეთი უნდა გადაიხადოს, ხოლო ღარიბებისთვის უფასოდ უნდა გასცეს 200 მანეთის წამალი. წიგნის მაღაზიის მფლობელი, ალექსანდრე კალანდაძე ბიბლიოთეკას ხსნის, სადაც რეგულარულად მიიღებენ ტფილისში გამოცემულ პრესას. სამკითხველოში შესვლა 3 მანეთი ეღირება…
გუშინ დიდი ხმაური ყოფილა ტფილის ქალაქის საბჭოს სხდომაზე… როგორც ვიცით, ამ ბოლო დროს ტფილისში მეყასბეებმა თავი უძაღლო ქვეყანაში წარმოიდგინეს, თავის სურვილისამებრ, ხელოვნურად ასწიეს ხორცის ფასები და უმთავრესად, ღარიბ ხალხს მეათე ტყავი გააძრეს. ერევანში დღეს ძროხის ხორცი 10 კაპეიკი, ცხვრის ხორცი -16 კაპეიკი, ბაქოში – 15 კაპეიკი, როსტოვშიც ეგრე ღირს… ტფილისში კი, ძროხის ხორცს თუ 25 კაპიკად იშოვი, ჩათვალე, კარგად გივაჭრია … ნათქვამია, სანამ მაგრათ არ დასჭექს, გლეხი პირჯვარს არ გადაიწერსო. და როგორც იქნა, ქალაქის თვითმმართველობამ დაიწყო პირჯვრის წერა… გუშინდელ სხდომაზე სავალდებულო ნიხრი მიუღიათ: დღეიდან ერთი გირვანქა ძროხის ხორცი 15 კაპიკი ეღირება, ცხვრის ხორცი – 16, ხოლო კამეჩისა – 12…
ისე, ეხლა მაგათ ჰგონიათ, რაკიღა ხორცზე ნიხრი დააწესეს, საზოგადოდ ეშველა გაჭირვებულ ხალხს… დღეს, როგორც ქალაქის, ისე სოფლის ცხოვრება, ძირითადად, შერყეულია. ამაში ბრალი მთავრობასაც მიუძღვის და საზოგადოებასაც… ვიდრე საზოგადო ძალები არ ამუშავდება, არაფერი გვეშველება…
ტფილისის ვაჭართა ერთ ნაწილს მეტად სიმპათიური აზრი მოსვლია: მათ განუზრახავთ, წელიწადში ერთ დღეს ვაჭრობის წმინდა შემოსავლიდან 5 პროცენტი გადასდონ გაჭირვებულთა დასახმარებლად… ამბობენ, გაზეთებში გამოცხადდება იმ ვაჭრების სია, რომლებიც ამ აზრს თანაუგრძნობენო… ისე, რა უჩუმრად გადაუჭრიათ ჩვენს ვაჭრებს საკეთილო საქმე, ღმერთი ასმაგს მისცემთ, თუმცა, კეთილს საქმეს ბევრი ლაპარაკი რად უნდა, ბევრს ის ლაპარაკობს, ვისაც სათქმელი და საკეთებელი არაფერი აქვსო… ტფილისი. 1908 წლის ივნისი!