ქუთაისის საკრებულოდან ნანა კოსტავას წასვლის მოთხოვნით აქცია გაიმართა

99

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

ქუთაისში ქალაქის საკრებულოდან დეპუტატ ნანა კოსტავას წასვლის მოთხოვნით არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

“ნანა კოსტავა საკრებულოს სირცხვილია“,- პროტესტის მონაწილეები ამ სლოგანის ირგვლივ გაერთიანდნენ.

შეკრებილი მოქალაქეები ქალაქის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნის ინიციატივით გამოდიან. მათი თქმით, საკუთარი პოზიცია სხდომაზე საკრებულოს ყველა წევრმა უნდა დააფიქსიროს.

პროტესტის მონაწილეები ითხოვენ, დამკვიდრდეს მაღალი სტანდარტი და ისეთი ადამიანები, რომლებიც სიძულვილს ტირაჟირებენ, არ იყვნენ საკრებულოში.

“ქუთაისში სამოქალაქო საზოგადოებას არ ძინავს და ჩვენი მოთხოვნაა, პოლიტიკური ტრიბუნიდან არ მოხდეს სიძულვილის ტირაჟირება. ჩვენ არ ვებრძვით ერთ ნანა კოსტავას, ჩვენ ვევრძვით ნანა კოსტავებს“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

თავის მხირვ, ქუთაისის მერის და პარტია “ქართული-ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის გიორგი ჭიღვარიას თქმით, ნანა კოსტავა “ქართული ოცნების“ წევრი არაა, ამიტომ მათ არ აქვთ შესაძლებლობა, რომ ის პარტიიდან გარიცხონ.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი, ნანა კოსტავა მის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადების გამო ფრაქცია “ქართული ოცნება -კონსერვატორების ” თავმჯდომარეობიდან გადააყენეს. “ნაციონალური მოძრაობის” განცხადებით, მისი გადაყენება საკმარისი არ არის, რის გამოც მის იმპიჩმენტს ითხოვენ.

გასულ კვირას ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ ნიკა ლატარიამ განაცხადა, რომ არ აპირებს, სიძულვილის ენის გამოყენებაში დადანაშაულებულ ნანა კოსტავასთან ერთად საკრებულოში იმუშაოს, დღეს კი დასძინა, რომ ფრაქციაში ან ნანა კოსტავა დარჩება, ან თავად.

ხოლო, როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ თქვა, ნანა კოსტავას მიერ გაკეთებული განცხადებები მისთვის და მისი ტანაგუნდელებისთვის მიუღებელია და მას აუცილებლად მოუწევს ბოდიშის მოხდა.

თავდაპირველად ნანა კოსტავა ამბობდა, რომ საკრებულოში დეპუტატის მანდატს დატოვებდა, თუმცა, როგორც დღეს თქვა, საკრებულოს დატოვებას არ აპირებს. მისი თქმით, გადაწყვეტილება ამომრჩევლების თხოვნის საფუძველზე შეცვალა.