საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ახალი ჯარიმები წესდება

8559

სტატიის გაგრძელება

მძღოლების მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ახალი ჯარიმები წესდება. პარლამენტმა 86 ხმით, ეთხმად დაამტკიცა “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისთვის“ რამდენიმე ახალი სანქციის დამატების ინიციატივა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვის განკუთვნილ სპეციალურ ზოლში (BUS LANE) მოძრაობა, გაჩერება ან დგომა გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

გარდა ამისა, 50 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს ველოსიპედის ბილიკზე ან ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე სხვა სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა, გაჩერება ან დგომა.

წინასწარი შეცნობით სატრანსპორტო საშუალების გზაზე გაჩერება ან დგომა რეგისტრაციის ნომრის, შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრის ან “TEST“ ნომრის გარეშე, გამოიწვევს მესაკუთრის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

ამავე დროს, პარლამენტში წარდგენილი ცვლილებებით, იმ შემთხვევაში, როდესაც დგინდება, რომ სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომრის, შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრის ან “TEST“ ნომრის განუთავსებლობა გამოწვეული იყოს მისი მოპარვით, სატრანპორტო საშუალების მესაკუთრე თავისუფლდება ადმინისტრაციული სახდელისგან, სატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯებისგან.

პროექტის თავდაპირველ ვარიანტში გათვალისწინებული იყო 50 ლარიანი ჯარიმა სატრანპორტო საშუალების 3 თვეზე მეტი ვადით მიტოვებაზე, თუმცა განხილვის პროცესში ამდაგვარი ჯარიმის შემოღებაზე გადაწყვეტილება შეიცვალა.

“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები დეპუტატებმა კახა კუჭავამ და გოგა გულორდავამ მოამზადეს.