კანონპროექტს, რომელიც ტაქსიში თამბაქოს მოწევას კრძალავს, იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა და ჯანდაცვის კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს

297

“თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტს, რომელიც მათ შორის ტაქსიში თამბაქოს მოწევას კრძალავს, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს. კანონპროექტს ასევე დაუჭირა მხარი ჯანდაცვის კომიტეტმა.

კანონპროექტში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ ავტორმა, უმრავლესობის წევრმა ლადო კახაძემ ისაუბრა.

ცნობისთვის, “თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონში ცვლილებების თანახმად, ტაქსიში თამბაქოს მოწევა იკრძალება. თამბაქოს მოწევა აიკრძალება ავტომობილშიც, თუკი ავტომობილით არასრულწლოვანის გადაყვანა ხდება. თამბაქოს მოწევის აკრძალვა ისეთ სატრანსპორტო საშუალებაზეც გავრცელდება, როგორიცაა კატერი. ამასთან, თამბაქოს ნაწარმის პოპულარიზაციად ჩაითვლება და შესაბამისად, აკრძალვას დაექვემდებარება ე.წ. “ბრენდის გაფართოება“, აგრეთვე სავაჭრო ობიექტში თამბაქოს ნაწარმის მოწყობილობების შიდა ან გარე ნაწილზე იმგვარი სურათების, სპეციალური განათების, ციფრული მასალის ან ტექსტების განთავსება, რომელმაც შესაძლოა, მომხმარებლის ყურადღება მიიქციოს. ამგვარი პოპულარიზაცია აკრძალული იქნება.

რაც შეეხება საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებებთან თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობას, ცვლილებების თანახმად, პასუხისმგებლობა მკაცრდება. ამასთან, თამბაქოსთან დაკავშირებულ აკრძალვებთან დაკავშირებით ახალი სახის ფულადი ჯარიმების შემოღება იგეგმება.

საკანონმდებლო პაკეტის ავტორები ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე და მისი პირველი მოადგილე ლადო კახაძეა.