isfed: კორცხელში პედაგოგებს დაავალეს, ბიულეტენის გასწვრივ გვარის პირველი ასო მიაწერონ

777

წინა სტატია

“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED)“ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის  წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში წარმოადგინა, რომელიც 29 ოქტომბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. შუალედური ანგარიშის ერთ-ერთი ქვეთავი ზუგდიდს ეხება.

ორგანიზაციის თქმით, მათ დამკვირვებელს ერთ-ერთმა პედაგოგმა მიაწოდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში მასწავლებლებმა სოფელში მერის წარმომადგენელ მერაბ თორდიასგან მიიღეს დავალება, რომ კენჭისყრის დღეს, საარჩევნო უბანზე მისვლის და ხმის მიცემის შემდეგ სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გაკეთებული არჩევანის გასწვრივ, ბიულეტენში თავიანთი გვარის პირველი ასო უნდა მიაწერონ.

გამოცემა “ლაივპრესის” ინფორმაციით, სოფელში მერის წარმომადგენელი ბრალდებას უარყოფს და მას “ყურით მოთრეულს“ უწოდებს. ამბობს, რომ მსგავსი დავალება არავისთვის მიუცია. მერაბ თორდიას თქმით, ეს არაკეთილმოსურნეების მიერ გავრცელებული ჭორია.

“მყავს ალბათ მოწინააღმდეგეები, რომლებსაც არ მოვწონვარ, რადგან სოფელში ბევრი რამეა გაკეთებული. გაზიფიცირება გაკეთებულია. გამრიცხველიანება, ბიბკლიოთეკა. ეჭვით ლაპარაკი, მე, როგორც იურისტს არ მიყვარს. ფაქტებით მიყვარს ლაპარაკი“, – ამბობს მერაბ თორდიამ.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების II ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში იხილეთ სრულად ბმულზე.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ოთხშაბათს 28 ნოემბერს გაიმართება. ამასთან, ცნობილია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის 10 583 022 ლარი გამოიყო.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში მოქმედი სამი სადამკვირვებლო ორგანიზაცია, ცესკოს არჩევნების შაბათს დანიშვნისაკენ მოუწოდებდნენ. მათი განცხადებით,  არჩევნების სამუშაო დღეს დანიშვნის გამო საქართველოს ზოგიერთი მოქალაქე არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 28 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, “ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების – 38.64% მიიღო, “ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ – 37,74%.

მეორე ტურში ერთმანეთს სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე დაუპირისპირდებიან.