მარნეულს, შესაძლოა, ახალი სოფელი “ივერიონი” შეემატოს

885

მარნეულში შულავერის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი დასახლებას, რომელიც მარეთის სახელწოდებით არის ცნობილი, შესაძლოა, სოფლის სტატუსი მიენიჭოს და „ივერიონი“ დაერქვას. ინფორმაციას “მარნეულის რადიო” ავრცელებს.

პირველი მოსახლე იქ 1980 წელს დასახლდა. ნელი დევიძემ მიწის გარკვეული ნაკვეთი სამსახურიდან საკუთრებაში მიიღო.

ის პროფესიით მშენებელია და სახლის აშენება დამხმარეებთან ერთად საკუთარ თავზე აიღო. მშობლებმა არც კი იცოდნენ, რომ მას შულავერში სახლის მშენებლობა ჰქონდა დაწყებული

„ისე გავაკეთე სარდაფი, ოჯახმა არც კი იცოდა.  დედაჩემს უკვიდა, სად დავდიოდი. ერთ დღეს კი აგურებით სავსე ავტომობილი ვაჩვენე და ვუთხარი, რომ მშენებლობა მქონდა დაწყებული. რომ ჩამოვედი აქ, ერთი ხეც არ იდგა. ჩვენ დავრგეთ და ბაღნარად ვაქციეთ აქაურობა, შემდეგ დენიც შემოვიყვანეთ და  სარწყავი წყალიც“  – ამბობს ნელი დევიძე.

სოფლის მოსახლეობის ნაწილმა აღნიშნა, რომ  არ იცოდნენ, თუ დასახლებისთვის სოფლის სტატუსის მინიჭებას გეგმავდნენ სახელწოდებით „ივერიონი“. მარნეულის მერიაში განმარტავენ, რომ სახელის მინიჭება მოსახლეობის ინიციატივით მოხდა.

მარნეულის საკრებულოს აპარატის იურიდიული განყოფილების უფროსი ბესო ნიჟარაძე ამბობს, რომ სოფლისთვის სტატუსის მინიჭება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის საფუძველზე ხდება. საკრებულომ დოკუმენტაცია სამთავრობო კომისიას გადაუგზავნა, თუმცა, პროცესი დასრულებული ჯერ არ არის.

„მიმდინარეობს სამართლებრივი წარმოება. ამ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო აქტი ჯერ მიღებული არ არის.  ამის ფორმულირებას და განსაზღვრას ახორციელებს მთავრობის შესაბამისი კომისია. აქედან გამომდინარე, აქტის მიღება ხდება მთავრობის მიერ, შესაბამისი კომისიის მიერ და ამის შემდგომ ხდება წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ ნორმატიული აქტის გამოცემა”, – ამბობს ნიჟარაძე.