რა იგეგმება 2021-2023 წლებში მაღალმთიან დასახლებებში სერვისების ხელმისაწვდომობის მიმართულებით

505

წინა სტატია

საქართველოს მთავრობამ მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგიის მორიგი სამწლიანი სამოქმედო გეგმა შეიმუშავა, რომლითაც, როგორც მთავრობა ამბობს, 2021-23 წლებში მაღალმთიანი დასახლებების განვითარებას უნდა შეუწყოს ხელი და ამ დასახლებებში მცხოვრებთა სოციალური მდგომარეობა გააუმჯობესოს.

გეგმის თანახმად, მაღალმთიანი სტატუსის მქონე 1797 დასახლებაში, სამი წლის განმავლობაში, 53 აქტივობა იგეგმება და მათ უზრუნველსაყოფად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 973 მლნ. ლარი დაიხარჯება.

როგორც ცნობილია, სტრატეგია სამ ძირითად მიზანს ისახავს: მაღალმთიანი დასახლებების მდგრად განვითარებას, მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სოციალურ მხარდაჭერას და მაღალმთიან დასახლებებში სერვისების ხელმისაწვდომობას. შესაბამისად, მომდევნო სამი წლის სამოქმედო გეგმაც ამ სამი მიზნის მიღწევას მოემსახურება.

მაღალმთიანი დასახლებების მდგრადი განვითარებისთვის მთავრობამ 5 ამოცანის შესრულება გადაწყვიტა: ტურიზმის განვითარების მხარდაჭერა; სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა; სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერა, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა; გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების მართვა. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გვამცნობს.

ასევე, წაიკითხეთ: რა იგეგმება 2021-2023 წლებში სოფლის მეურნეობისა და სამეწარმეო საქმიანობის მხარდასაჭერად მაღალმთიან რეგიონებში

მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სოციალურ მხარდაჭერისთვის მთავრობამ 5 ამოცანის შესრულება გადაწყვიტა: ჯანდაცვის ხარისხიან სერვისებზე ხელმისაწვდომობა, ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობა, დემოგრაფიული ვითარების გაუმჯობესება, კომუნალური და საკომუნიკაციო სერვისების ხელმისაწვდომობა; კულტურულ-სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება.

რა იგეგმება მუნიციპალური და საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობის მიმართულებით?

მუნიციპალური მომსახურების ინოვაციური სისტემების დანერგვა

2021 წელს 63 მუნიციპალიტეტში დაგეგმილია 17 მოდულის მქონე მართვისა და მომსახურების მუნიციპალური სერვისების ელექტრონული პლატფორმის შექმნა, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა 4,995,681 ლარი. მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, ამ საქმიანობას მაღალმთიანი დასახლებების მქონე 44 მუნიციპალიტეტში გეგმავს.

ასევე, წაიკითხეთ: რა იგეგმება 2021-2023 წლებში მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებთა სოციალური, ჯანდაცვისა და განათლების მიმართულებით

მუნიციპალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდისთვის, GIZ-ის (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება) მხარდაჭერით, 2021-2022 წლებში ლენტეხის მუნიციპალიტეტში დაგეგმილია მუნიციპალური სერვისების მიმწოდებელი მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის მოწყობა “ერთი ფანჯრის” პრინციპით, რისთვსაც 90,000 ლარი დაიხარჯება.

საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა

2021 წელს, დაგეგმილია გადასახადის გადამხდელთათვის შემოსავლების სამსახურის სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდა იმ რეგიონებში, სადაც შემოსავლების სამსახურს არ აქვს წარმომადგენლობა; ასევე დაგეგმილია მოძრავი სერვისცენტრის “RS CAR” მიერ გადამხდელებისათვის ყველა საჭირო მომსახურების გაწევა. გეგმა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად საშუალოდ 15 მაღალმთიანი დასახლებაში, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 145,000 ლარი დაიხარჯება.