რა იგეგმება 2021-2023 წლებში მაღალმთიან დასახლებებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად

1698

წინა სტატია

შემდეგი სტატია

საქართველოს მთავრობამ მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგიის მორიგი სამწლიანი სამოქმედო გეგმა შეიმუშავა, რომლითაც, როგორც მთავრობა ამბობს, 2021-2023 წლებში მაღალმთიანი დასახლებების განვითარებას უნდა შეუწყოს ხელი და ამ დასახლებებში მცხოვრებთა სოციალური მდგომარეობა გააუმჯობესოს.

გეგმის თანახმად, მაღალმთიანი სტატუსის მქონე 1797 დასახლებაში, სამი წლის განმავლობაში, 53 აქტივობა იგეგმება და მათ უზრუნველსაყოფად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 973 მილიონი ლარი დაიხარჯება.

როგორც ცნობილია, სტრატეგია სამ ძირითად მიზანს ისახავს: მაღალმთიანი დასახლებების მდგრად განვითარებას, მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სოციალურ მხარდაჭერას და მაღალმთიან დასახლებებში სერვისების ხელმისაწვდომობას. შესაბამისად, მომდევნო სამი წლის სამოქმედო გეგმაც ამ სამი მიზნის მიღწევას მოემსახურება.

მაღალმთიანი დასახლებების მდგრადი განვითარებისთვის მთავრობამ 5 ამოცანის შესრულება გადაწყვიტა: ტურიზმის განვითარების მხარდაჭერა; სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა; სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერა, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა; გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების მართვა. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გვამცნობს.

რა იგეგმება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიმარულებით?

გზების რეაბილიტაცია და მშენებლობა

წყალტუბოს, ცაგერის, ლენტეხის, ზუგდიდის, ჩოხატაურის, ხულოს, ახალქალაქის, ახალციხის, ნინოწმინდის, დუშეთის, ბორჯომის, ხონის, მარტვილის, ჭიათურის, ბაღდათის, ადიგენის, ონის, თიანეთის საჩხერისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში დაგეგმილია 303 კმ გზის მშენებლობა-რეაბილიტაცია, რისთვისაც სამ წელში 260 837 574 ლარის დახარჯვაა განსაზღვრული.

პრევენციული ღონისძიებების გატარება ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული ზიანის შემცირების მიზნით

მაღალმთიან რეგიონებში მეტეოროლოგიურ და ჰიდროლოგიურ პარამეტრებზე დაკვირვებისთვის დამონტაჟდება და გაიმართება 30 ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური/ საგუშაგო.

მომზადდება ჰიდრომეტეოროლოგიური საფრთხეების (წყალდიდობა, თოვლის ზვავები, სეტყვა, ძლიერი ქარი, გვალვა) რუკები 11 მდინარის აუზისთვის, აგრეთვე, გამოიცემა საინფორმაციო ბიულეტენები საქართველოში საანგარიშო წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგების შესახებ და პროგნოზი მომდევნო წლისთვის; გარდა ამისა, მომზადდება ვიზუალური საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნები შესაბამისი რეკომენდაციებით და გეოლოგიური საფრთხეების (მეწყერი, ღვარცოფი) ზონირების რუკები. ასევე, გაკეთდება გეოლოგიური პროცესების მონაცემთა ბაზა (კადასტრები და სხვა); თუშეთის, მცხეთა-მთიანეთის, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთისა და იმერეთისთვის კი გამოიცემა სახელმწიფო გეოლოგიური რუკები შესაბამისი გეოლოგიური ანგარიშით.