რუსთავის მერმა მუნიციპალური ინსპექციის პრეზენტაცია წარადგინა

602

რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ ახალი სამსახურის – მუნიციპალური ინსპექციის პრეზენტაცია წარადგინა.

რუსთავის მერიის ინფორმაციით, სამსახურის სტრუქტურული რებრენდინგი, ავტოპარკის და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა, საქართველოს პარლამენტსა და ქალაქის საკრებულოში შეტანილი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი – ეს ის სამი ეტაპია, რომლის მეშვეობითაც, რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ბაზაზე, სრულიად ახალი, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი მუნიციპალური სამსახური შეიქმნა.

“განხორციელებული რეფორმები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მუნიციპალურ სერვისებს, რომლებიც ორიენტირებულია თითოეულ რუსთაველზე. მუნიციპალური ინსპექცია ჩამოყალიბდა ძირითადად ზედამხედველობის სამსახურის ბაზაზე, რომლის რეფორმაზეც ჩვენ რამდენიმე თვეა რაც ვმუშაობთ. რეფორმა მიმდინარეობდა სამი მიმართულებით, ეს იყო სამსახურის ფუნქციური გაძლიერება, მეორე მიმართულება მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა და ტექნიკური ბაზის განახლებაა, რომლის პრეზენტაციაც დღეს წარმოვადგინეთ, ასევე ის საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის განხილვასაც დარწმუნებული ვარ პარლამენტი ძალიან მალე დაიწყებს და ეს სრულყოფს ჩვენს რეფორმას“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

რუსთავის მერიის ცნობით, პრეზენტაციას, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი, პარლამენტარი ბექა დავითულიანი, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

“ნინო ლაცაბიძემ ძალიან კარგი რეფორმა დაიწყო რუსთავში და ზოგადად, ის ძალიან აქტიური მერია, ერთგვარად სამაგალითოა საქართველოს სხვა მერებისთვის, პრაქტიკულად 24 საათი ფიქრობს როგორ გახადოს რუსთავი უკეთესი ქალაქი. მუნიციპალური ინსპექციის რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია, სხვანაირად შეუძლებელია, რომ ქალაქში იყოს წესრიგი და იგივე არქიტექტურის თვალსაზრისით არ ხდებოდეს დარღვევები“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი შატაკიშვილის განცხადებით, ზედამხედველობის სამსახურის რეფორმა და გარდაქმნა მუნიციპალურ ინსპექციად, ეს არა მხოლოდ მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლებასთანაა დაკავშირებული, არამედ რამდენიმე მნიშვნელოვანი ეტაპისგან შედგება.

,,ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც მოიცავს მთელ რიგ კანონებში ცვლილებების შეტანას. აქამდე ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე მხოლოდ ოქმის შედგენის შესაძლებლობა ჰქონდათ და სანქციის განსაზღვრისათვის ოქმი სასამართლოში იგზავნებოდა. საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატივა კი ითვალისწინებს მუნიციპალური ინსპექციისათვის დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭებას და სასამართლოში ოქმების გადაგზავნა აღარ იქნება აუცილებელი. მეორე რაც ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია და ჩვენს ქალაქს ახალ შესაძლებლობებს მისცემს, არის ის, რომ ჯარიმების ნაწილი აქამდე თუ ცენტრალურ ბიუჯეტში მიედინებოდა, ცვლილებების შემდეგ აკუმულირდება თვითმმართველობაში, რაც კიდევ უფრო მეტი ახალი პროექტების განხორციელების საშუალებას მოგვცემს“, – განაცხადა ირაკლი შატაკიშვილმა. ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი დოხტურიშვილის განცხადებით, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ აღნიშნული სერვისების გაუმჯობესებას რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებიც შეძლებენ. ,,ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, რომლითაც საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ არა მხოლოდ რუსთავი არამედ მთელი რეგიონი ისარგებლებს. ამ ცვლილების შემდეგ იქნება ძალიან სწორი მიდგომა, იმისთვის, რომ ურბანულად ქაოსური განაშენიანება არ მოხდეს. მუნიციპალური ინსპექცია მაქსიმალურად გააკონტროლებს ყველა მიმდინარე პროცესს“, – განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.

რუსთავის მერიის ინფორმაციით, გატარებული რეფორმა, რუსთაველებს ახალი მუნიციპალური სერვისებით უზრუნველყოფს, საკანონმდებლო ცვლილების შედეგად მიღებული გამარტივებული მოსაკრებლის საგადასახადო სისტემა, კი დადებითად აისახება ქალაქის ბიუჯეტზე. რუსთავის მერიაში ახალი მუნიციპალური სერვისების დანერგვა 2022 წლიდან დაიწყო.