სონღულაშვილი: მთავრობა მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის

384

“მთავრობა, ყველა შესაბამისი ინსტიტუციით მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მეტი მიმზიდველობისთვის, როგორც ტურისტების, ასევე ინვესტორებისა და ბიზნეს სექტორისთვის. ეს პროცესი შეუქცევადი და მზარდია, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებისა და გაძლიერების წინაპირობაა“, – განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა პარლამენტში, სადაც გუშინ “მინისტრის საათის” ფორმატში რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრს მოუსმინეს.

სონღულაშვილის განცხადებით, ქვეყანაში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიმართულებით მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს და ამის მაგალითად  სამაჟორიტარო ოლქის მაგალითები დაასახელა: ეს არის საგარეჯო-უდაბნო-დავით გარეჯის 15 კმ-მდე მონაკვეთის რეაბილიტაცია, დედოფლისწყაროს ცენტრალური პარკის დაგეგმილი რეაბილიტაცია, გურჯაანის დასრულებული შემოვლითი გზა და ბაკურციხე-წნორისა და თბილისი-საგარეჯოს მაგისტრალის მიმდინარე მშენებლობები და ველისციხის ურბანული განახლების პროექტი.

მისივე თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პრემიერის ინიციატივით მიმდინარე „განახლებული რეგიონების“ პროექტი, რომელიც ახალ სიცოცხლეს აძლევს მუნიციპალიტეტებს და მეწარმეებსაც ბიძგს აძლევს მცირე ბიზნესის განვითარებისთვის.

“რა თქმა უნდა, ქვეყნის ეკონომიკური ზრდა დამოკიდებულია მისი რეგიონების მდგრად განვითარებაზეც და მათი კონკურენტუნარიანობის გაზრდაზე, რაც მიიღწევა რეგიონების ძირითადი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებით. ამ ნაწილში არ შემიძლია არ გამოვყო წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია-მშენებლობებთან დაკავშირებული პროექტების წარმატებით განხორციელება, რომელიც 2025 წლისთვის დასრულდება და შედეგად, ყველა ქალაქს წყლის პრობლემა აღარ ექნება“, – აღნიშნა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია მთავრობისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს როლი სკოლების მშენებლობა-განახლებაში, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის ყველა რეგიონია ჩართული და ეტაპობრივად მიმდინარეობს რეაბილიტაციის პროცესი. თანამომხსენებელმა  ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა  ხაზი და „2020-2022 წლების ინტეგრირებული რეგიონული განვითარების საპილოტე პროგრამის“ ფარგლებში მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.

მისივე თქმით, აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავს საპილოტე რეგიონებში ძირითადი ინფრასტრუქტურული უთანაბრობების შემცირებას. დეპუტატის განცხადებით, პროგრამა ემყარება ევროკავშირის რეგიონების განვითარების პოლიტიკას და ხელს უწყობს ადგილობრივად მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას სწრაფი განვითარებისთვის.

„აქვე აღვნიშნავ, ქვეშეთი-კობის უწყვეტი საავტომობილო გვირაბის მშენებლობას, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისთვის აუცილებელი პროექტია და რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის როგორც სატრანსპორტო მიმართულებით განვითარებას, ასევე – ტურიზმის ზრდას,“ – განაცხადა სონღულაშვილმა.