რა იგეგმება 2021-2023 წლებში მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებთა სოციალური, ჯანდაცვისა და განათლების მიმართულებით

2219

წინა სტატია

შემდეგი სტატია

საქართველოს მთავრობამ მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგიის მორიგი სამწლიანი სამოქმედო გეგმა შეიმუშავა, რომლითაც, როგორც მთავრობა ამბობს, 2021-23 წლებში მაღალმთიანი დასახლებებში მცხოვრები ადამიანების საცხოვრებელი პირობები მნიშვნელოვნად უნდა გაუმჯობესდეს და 2023 წლისთვის აქ არსებული დემოგრაფიული ვითარება, მაღალმთიან რეგიონებში არსებული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, უნდა შერბილდეს.

გეგმის თანახმად, მაღალმთიანი სტატუსის მქონე 1797 დასახლებაში, სამი წლის განმავლობაში, 53 აქტივობა იგეგმება და მათ უზრუნველსაყოფად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 973 მლნ. ლარი დაიხარჯება.

ასევე წაიკითხეთ: რა იგეგმება 2021-2023 წლებში მაღალმთიან დასახლებებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად

როგორც ცნობილია, სტრატეგია სამ ძირითად მიზანს ისახავს: მაღალმთიანი დასახლებების მდგრად განვითარებას, მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სოციალურ მხარდაჭერას და მაღალმთიან დასახლებებში სერვისების ხელმისაწვდომობას. შესაბამისად, მომდევნო სამი წლის სამოქმედო გეგმაც ამ სამი მიზნის მიღწევას მოემსახურება.

მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სოციალურ მხარდაჭერისთვის მთავრობამ 5 ამოცანის შესრულება გადაწყვიტა: ჯანდაცვის ხარისხიან სერვისებზე ხელმისაწვდომობა, ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობა, დემოგრაფიული ვითარების გაუმჯობესება, კომუნალური და საკომუნიკაციო სერვისების ხელმისაწვდომობა; კულტურულ-სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება.

რა იგეგმება ჯანდაცვის ხარისხიან სერვისებზე ხელმისაწვდომობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით?

კვლავ გაგრძელდება მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალისათვის ყოველთვიური დანამატების გაცემა, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 18 000 000 ლარი გამოიყოფა. აღნიშნული შეღავათით დაახლოებით 600 ექიმი და 1000 ექთანი ისარგებლებს.

ასევე, წაიკითხეთ: რა იგეგმება 2021-2023 წლებში სოფლის მეურნეობისა და სამეწარმეო საქმიანობის მხარდასაჭერად მაღალმთიან რეგიონებში

 

ასევე გაგრძელდება პენსიონერებისა და სოციალური პაკეტების მიმღებთათვის ყოველთვიური დანამატის გაცემა, რისთვისაც ამ ხნის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 113 762 424 ლარი დაიხარჯება. ამ შეღავათით ჯამში 90 000-ზე მეტი ბენეფიციარი ისარგებლებს.

რა იგეგმება მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობისთვის?

მაღალმთიან დასახლებებში განათლების ხელმისაწვდომობის გასაზრდელად კვლავ გაგრძელდება ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული დაწესებულების მასწავლებლისათვის სახელფასო დანამატის გაცემა, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 44 913 000 ლარი დაიხარჯება. აღნიშნული შეღავათით დაახლოებით 13 000 მასწავლებელი ისარგებლებს.

პედაგოგების გარდა, გაგრძელდება სპორტის სფეროში დასაქმებული მწვრთნელებისთვის ფინანსური დახმარების გაცემაც. შეღავათით სულ მცირე 320 მწვრთნელი ისარგებლებს და ამისთვის ბიუჯეტი 72 924 ლარს გამოყოფს.

სამოქმედო გეგმის თანახმად, დაგეგმილია, ასევე, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწყობაც. კერძოდ, ხულოს, ჩოხატაურისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში ჯამში 3 ახალი სკოლის მშენებლობაა დაგეგმილი, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტი და მსოფლიო ბანკი ერთობლივად 7 229 750 ლარს გაიღებენ.

გარდა ამისა, დაგეგმილია ახალქალაქის, ნინოწმინდის, მესტიის, ასპინძის, დუშეთის, ახალციხის, ახალქალაქის, წალკის, დმანისისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში არსებული საჯარო სკოლების რეაბილიტაცია, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 31 908 011 ლარი გამოიყოფა.

უახლოეს 3 წელში დაგეგმილია, ასევე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში პროფესიული კოლეჯის ახალი სასწავლო კოპლექსის მშენებლობა, რასაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 9 000 000 ლარი მოხმარდება.

რა იგეგმება დემოგრაფიული ვითარების გაუმჯობესების ხელშეწყობის მიმართულებით?

როგორც სამოქმედო გეგმიდან ვიგებთ, შობადობის მატერიალური წახალისების მიზნით, გაიცემა ბავშვისათვის ყოველთვიური ფულადი დახმარება. 3 წლის განმავლობაში, ყოველთვიურად, სულ მცირე 5000 ბავშვი ისარგებლებს დახმარებით. ამისათვის საკმარისია, რომ ბავშვის ერთ-ერთი მშობელი იყოს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირი. ამ დახმარებისთვის, ჯამში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 22 913 700 ლარის გამოყოფაა დაგეგმილი.

დემოგრაფიული ვითარების გაუმჯობესების მიზნით, მთავრობა, ასევე, გეგმავს მაღალმთიან სოფლებში არსებული საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციას. სულ, სამი წლის განმავლობაში, 10 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციაა დაგეგმილი, რისთვისაც ევროპის საინვესტიციო ბანკი და მსოფლიო ბანკი 5 885 453 ლარს დახარჯავენ.

რა იგეგმება კომუნალური და საკომუნიკაციო სერვისების ხელმისაწვდომობისთვის?

საკომუნიკაციო სერვისების ხელმისაწვდომობის გასაზრდელად მთავრობა ინტერნეტმომსახურების ინსტალაციისთვის ვაუჩერების დარიგებას გეგმავს. აღნიშნულ ვაუჩერებს, სამოქმედო გეგმის თანახმად, მიიღებენ ადიგენის, ამბროლაურის, ახალქალაქის, ახალციხის, ახმეტის, ბოლნისის, გორის, გურჯაანის, დმანისის, დუშეთის, თიანეთის, ლენტეხის, მესტიის, ნინოწმინდის, ონის, საჩხერის, სიღნაღის, ქედის, შუახევის, ჩოხატაურის, ცაგერის, წალკის, ჭიათურის და ხულოს მუნიციპალიტეტებში მცხოვრებლები. როგორც ირკვევა, ინტერნეტ-ვაუჩერი მინიმუმ 100 ოჯახს დაურიგდება და ამისათვის 15 000 ლარი დაიხარჯება.

ასევე, წაიკითხეთ: რა იგეგმება 2021-2023 წლებში მაღალმთიან დასახლებებში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მართვის მიმართულებით

გარდა ამისა, მთავრობა მაღალმთიან დასახლებებში ინტერნეტ-მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდასაც გეგმავს, რაც იმას ნიშნავს, რომ განხორციელდება სათემო ინტერნეტიზაციის პროექტი. ამისათვის კი 250 000 დაიხარჯება.

რაც შეეხება კომუნალურ სერვისებს, კვლავ ძალაში რჩება ყაზბეგისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების მაღალმთიანი დასახლების მოსახლეობისთვის მიწოდებული ბუნებრივი აირის ღირებულების ანაზღაურება. ამ პროგრამით ჯამში 6 ათასი აბონენტი ისარგებლებს, სუბსიდირების თანხა კი – 24 000 000 ლარი – სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიფარება.

პარალელურად, მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება მაღალმთიანი დასახლებების გაზიფიცირებაც. სამოქმედო გეგმიდან ირკვევა, რომ მომდევნო სამ წელში სულ მცირე 61 მაღალმთიანი დასახლების გაზიფიცირება მოხდება და ამისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 27 447 500 ლარი დაიხარჯება.

რაც შეეხება ელექტროენერგიაზე ხელმისაწვდომობის ზრდას, სამოქმედო გეგმით, კვლავ ანაზღაურდება მაღალმთიან დასახლებაში მოხმარებული ელექტროენერგიის ყოველთვიური საფასურის 50%, მაგრამ არაუმეტეს მოხმარებული 100 კვტ.სთ ელექტროენერგიის საფასურისა. აღნიშნული შეღავათით ყოველთვიურად სულ მცირე 87 000 აბონენტი ისარგებლებს და ამისთვის მომდევნო სამ წელში 30 000 000 ლარი გამოიყოფა.

სამოქმედო გეგმაში მოხვდა, ასევე, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია/მშენებლობაც. როგორც ირკვევა, მომდევნო 3 წელში დაგეგმილია 10 პროექტის განხორციელება, რისთვისაც 200 407 805.2 ლარის დახარჯვაა განსაზღვრული. კონკრეტულად, რომელ დასახლებებში მოწესრიგდება წყალმომარაგება-წყალარინების საკითხები, სამოქმედო გეგმით დაკონკრეტებული არ არის.

ასევე, წაიკითხეთ: რა იგეგმება 2021-2023 წლებში მაღალმთიან დასახლებებში სერვისების ხელმისაწვდომობის მიმართულებით

დაგეგმილია, ასევე, მყარი ნარჩენების მართვის პროცესის გაუმჯობესებაც. კერძოდ, ონის, ამბროლაურისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში დაიხურება 3 არსებული მუნიციპალური ნაგავსაყრელი და აშენდება ნარჩენების გადამტვირთავი 2 სადგური. ამ პროექტებისთვის თანხას – 2 500 000 ლარს – გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების საკრედიტო ბანკი (KfW) გამოყოფს.

გარდა ამისა, მესტიის მუნიციპალიტეტში დაგეგმილია ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის მოწყობა, რისთვისაც ისევ KfW 400 000 ლარს გამოყოფს.

რა იგეგმება კულტურულ-სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის?

სამოქმედო გეგმის თანახმად, 3 წლის განმავლობაში დასრულდება ონის მუზეუმის მშენებლობა, რისთვისაც 5 600 000 ლარი დაიხარჯება, ხოლო ყაზბეგის მუნიციპალიტეტში რეაბილიტაცია ჩაუტარდება სტეფანწმინდის მუზეუმს. ამისათვის სახელმწიფო ბიუჯეტი 600 000 ლარს გამოყოფს.