რა იგეგმება 2021-2023 წლებში მაღალმთიან დასახლებებში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მართვის მიმართულებით

691

წინა სტატია

საქართველოს მთავრობამ მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგიის მორიგი სამწლიანი სამოქმედო გეგმა შეიმუშავა, რომლითაც, როგორც მთავრობა ამბობს, 2021-23 წლებში მაღალმთიანი დასახლებების განვითარებას უნდა შეუწყოს ხელი და ამ დასახლებებში მცხოვრებთა სოციალური მდგომარეობა გააუმჯობესოს.

გეგმის თანახმად, მაღალმთიანი სტატუსის მქონე 1797 დასახლებაში, სამი წლის განმავლობაში, 53 აქტივობა იგეგმება და მათ უზრუნველსაყოფად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 973 მლნ. ლარი დაიხარჯება.

როგორც ცნობილია, სტრატეგია სამ ძირითად მიზანს ისახავს: მაღალმთიანი დასახლებების მდგრად განვითარებას, მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სოციალურ მხარდაჭერას და მაღალმთიან დასახლებებში სერვისების ხელმისაწვდომობას. შესაბამისად, მომდევნო სამი წლის სამოქმედო გეგმაც ამ სამი მიზნის მიღწევას მოემსახურება.

მაღალმთიანი დასახლებების მდგრადი განვითარებისთვის მთავრობამ 5 ამოცანის შესრულება გადაწყვიტა: ტურიზმის განვითარების მხარდაჭერა; სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა; სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერა, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა; გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების მართვა. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გვამცნობს.

რა იგეგმება 2021-2023 წლებში მაღალმთიან დასახლებებში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მართვის მიმართულებით?

ტყის რესურსების მართვა

სამოქმედო გეგმის თანახმად, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და მცხეთა-მთიანეთში მოეწყობა და რეაბილიტაცია ჩაუტარდება 60 კმ სატყეო-სამეურნეო გზას, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 240,300 ლარი დაიხარჯება.

ადიგენის, თეთრიწყაროსა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში იგეგმება ტყის აღრიცხვა და ინვენტარიზაცია და ამისთვის 1,037,000 ლარის გამოყოფაა დაგეგმილი, თუმცა, სახელმწიფოს ამ საქმეში ფინანსურად გერმანიის თანამშრომლობის საერთაშორისო საზოგადოება (GIZ), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და სლოვენიის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების ცენტრი (CMSR) დაეხმარებიან.

ბორჯომისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში, 2021-2022 წლებში, Global Conservation-ის ფინანსური მხარდაჭერით, დაგეგმილია დაცული ტერიტორიების ადმინისტრციების ტექნიკური აღჭურვილობის გაუმჯობესება: მინიმუმ 20 სმარტ-ტელეფონის შეძენა პატრულირების ხელშეწყობისთვის; მინიმუმ 20 ფოტოხაფანგის შეძენა/გამართვა. ამისთვის, გეგმის თანახმად, 400 000 ლარი დაიხარჯება.

გარდა ამისა, სულ მცირე 5 მუნიციპალიტეტში (ბორჯომის, ცაგერის, ლენტეხის, ამბროლაურის, ტყიბულის, ჭიათურის, ჩოხატაურის, აბასთუმანის, ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ონის, ცაგერის, მესტიის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში) დაგეგმილია ტყის გაშენება, ტყის სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესება და ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების განხორციელება, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3 მილიონი ლარია განსაზღვრული.