ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დეფაქტო პრემიერი გენადი ბეკოევი გახდა

486

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პარლამენტმა დეფაქტო პრემიერმინისტრის თანამდებობაზე გენადი ბეკოევი დაამტკიცა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

ბეკოევის დამტკიცებას მხარი 19-მა „დეპუტატმა“ დაუჭირა, წინააღმდეგი 11 იყო, 1-მა კი თავი შეიკავა.

დეფაქტო პრეზიდენტმა ბეკოევის კანდიდატურა ე.წ. პარლამენტს 6 თვის წინ წარუდგინა, თუმცა 2021 წლის თებერვლამდე ოპოზიციის ბოიკოტის გამო „პარლამენტი“ არ შეკრებილა.

გენადი ბეკოევის წინამორბედი ერიკ ფუხაევი პროტესტების ფონზე 2020 წლის 28 აგვისტოს გადადგა. ამას წინ უძღოდა აქცია ცხინვალის ცენტრში, სადაც რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის, იგორ ნანიევის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული ადგილობრივი გარდაიცვალა. საპროტესტო აქციაზე შეკრებილი ადამიანები ე.წ. მთავრობის გადადგომას ითხოვდნენ.