26 თებერვალს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ამაღლებაში სოფლის კრება გაიმართა. მოსახლეობამ მუნიციპალიტეტის მერთან, ირაკლი კუჭავასთან შეათანხმა ის საკითხები, რაშიც წელს სოფლის ხელშეწყობის პროგრამით გამოყოფილი 16 000 ლარი დაიხარჯება. ინფორმაციას გურიანიუსი ავრცელებს.
როგორც შეკრებილმა მოსახლეობამ აღნიშნა, პრობლემები სოფელში ბლომადაა _ ე. წ. ბაქრაძეების უბნის მიმართულებით არ არის წყალი და გზა, სოფლის ნაწილში გასაკეთებელია სანიაღვრე არხები.
“პირველ რიგში, უწყლობა გვაწუხებს. 1988 წელს გაკეთდა წყალი და 1-2 წელი მოდიოდა წვეთ-წვეთობით. მას მერე აღარ ყოფილა. სხვა პრობლემებიც არის სოფელში, მაგრამ წყალი უმთავრესია”, – თქვა “გურიანიუსთან” საუბრისას ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა, სანდრო დოლიძემ.
ერთ-ერთმა მცხოვრებმა ყურადღება სანიაღვრე არხების მოწესრიგებაზე გაამახვილა. მისი თქმით, წვიმის დროს წყალი გზაზე მიედინება, რაც გადაადგილების პრობლემას ქმნის:
“სანიაღვრე არხის გაკეთება გვინდა. წვიმის დროს გზაზე წყალი მოედინება და გავლა ჭირს”, – თქვა მან.
როგორც შეხვედრაზე გაირკვა, შუა ამაღლება-უდაბნოს მიმართულებით ნომერ პირველ ჩიხში გზა მოუწესრიგებელია, მეორე ქუჩის პირველ შესახვევშიც მსგავსი პრობლემა დგას და მოსახლეობა გზის გამაგრებას და კეთილმოწყობას ითხოვს. გარდა ამისა, მოსახლეობის ნაწილი წვრილი სანიაღვრე არხის გაკეთებას ითხოვს ამაღლების მიმართულებით, რადგან მდგომარეობა, მათივე თქმით, “კატასტროფულია”.
კიდევ ერთი მოთხოვნა ე. წ. “გეოლოგების წყალს” შეეხო – შუა ამაღლების მცხოვრებლები ამ წყლის სათავის შემოსაზღვრას და კეთილმოწყობას ითხოვენ.
მოსახლეობის პრობლემების გაცნობის შემდეგ მერმა განმარტა, თუ როგორ მოხდება პროექტების გასახორციელებლად კომპანიის შერჩევა. გარდა ამისა, ირაკლი კუჭავამ შეკრებილ მოსახლეობას სთხოვა, რომ პრობლემები პრიორიტეტების მიხედვით დაელაგებინათ, რადგან, შესაძლოა, გამოყოფილი თანხა ყველა საკითხის გადასაჭრელად საკმარისი არ აღმოჩნდეს.
“რამდენიმე კომპანიას ვუგზავნით ელექტრონულად ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა გვაქვს გასაკეთებელი. ამის შემდეგ კომპანიები გვიგზავნიან ხარჯთაღრიცხვას. ვინც თუნდაც 1 ლარით ნაკლებ თანხას მოითხოვს, იმას მიენიჭება უპირატესობა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პროექტს ამით რამე დააკლდება”, – თქვა მერმა.
საბოლოოდ კი, წარდგენილი წინადადებებიდან სოფელში პრიორიტეტი სანიაღვრე არხების მოწყობასა და სავალი ნაწილის რეაბილიტაციას მიენიჭა, რაც შეკრებილმა ადამიანებმა ხელმოწერით დაადასტურეს.
ჩოხატაურის მერის განცხადებით, პროექტირება მოსახლეობის თანდასწრებით დაიწყება და მათთან ერთად გაკონტროლდება შესრულება:
“სოფლის კრებები ჩატარდება, შემდეგ გამოვლინდება პროექტის შემსრულებელი და როცა პროექტები დასრულდება, შემდეგ გამოვაცხადებთ ფასთა მოკვლევას. როგორც წესი, აპრილი-მაისში ვიწყებთ სამუშაოებს”, – თქვა ირაკლი კუჭავამ.