ხარაგაულში უსინათლოთა პროგრამა განახლდა

482

თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ, უსინათლობა პროგრამის ფარგლებში მეცადინეობები 10 მარტს განახლდება. ამ პროგრამის ბენეფიციარებისთვის საინფორმაციო შეხვედრა 5 მარტს გაიმართა. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.

ამის შემდგომ მეცადინეობები კვირაში ორჯერ, – ოთხშაბათსა და პარასკევს – ჩატარდება. ამჟამად უსინათლოთა პროგრამაში 12 ბენეფიციარი ჩართული ფარცხნალიდან, ვახანიდან, ჩხერიდან და ვარძიიდან. თუმცა, მსურველი უფრო მეტია და ისინი სოფლებიდან დამოუკიდებლად მოსვლას ვერ ახერხებენ.

პროგრამის ფარგლებში ოთხი წრე ფუნქციონირებს – ადაპტირებული კომპიუტერული ტექნოლოგიების, ბრაილის შრიფტის შემსწავლელი, სამაგიდო თამაშებისა და აუდიო ლიტერატურული წრე.

შშმ პირთა პროექტის მენეჯერი გულიკო ჭარბაძე ამბობს, რომ წელს პროგრამა 6 თვის ნაცვლად, 8 თვიანი იქნება. სამუშაო დრო კი განსაზღვრულია 10:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე.

„ეს პროექტი მიზნად ისახავს უსინათლო პირთა ადაპტირებას საზოგადოებაში. გვსურს ასეთი პირები გამოვიყვანოთ სახლიდან, ხელი შევუწყოთ და ვაჩვენოთ, რომ მათ გარშემო უამრავი შესაძლებლობაა, – ამბობს გულიკო ჭარბაძე, – არ არის აუცილებელი, აქ სკოლასავით იარონ. ეს მათ სურვილზეა დამოკიდებული.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 69 უსინათლო პირი ცხოვრობს. სოფლებიდან ჩამოსვლა უჭირთ განსაკუთრებით მათ, ვისაც მხედველობის ტოტალური შეზღუდვა აქვს. თბილისში არსებობს გამყოლების ინსტიტუტი. დაქირავებული გამყოლები ავტომობილებით აკითხავენ ბენეფიციარებს. ჩვენ ამის ფუფუნება არ გვაქვს, რადგან საკმაოდ დიდი ფინანსები სჭირდება ამას. ძალიან კარგი ჯგუფი გვყავს. ბედნიერი ვარ, რომ მათთან მიწევს ურთიერთობა“.

ხარაგაულის უსინათლოთა პროგრამის ფარგლებში მოქმედი – ადაპტირებული კომპიუტერის შემსწავლელი წრის – პედაგოგი ვასილ ლომიძეა. ის ასევე არის უსინათლოთა საზოგადოების ზესტაფონის ორგანიზაციის თავმჯდომარე.

ვასილ ლომიძე ამბობს, რომ თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ ბენეფიციარებს სწავლის გაგრძელება არ გაუჭირდებათ, რადგან ისინი ძალზედ აქტიურები არიან და ახსნილ მასალას კარგად ითვისებენ.

„3 დეკემბერს არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მსოფლიო დღე. ამ დღესთან დაკავშირებით გავმართავთ ღონისძიებას. ვიმედოვნებთ, რომ ეპიდვითარება ხელს შეგვიწყობს. ახალი მოსწავლეები, ჯერჯერობით, არ გვყავს. ძალიან კარგი იქნება, თუ გამოჩნდებიან“.

ხარაგაულის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში უსინათლოებისათვის ბრაილის შრიფტით წერა-კითხვის სწავლებისა და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის ხელშემწყობი პროგრამა 2017 წლიდან ხორციელდება. აღნიშნული  პროექტი ხარაგაულის გარდა, რუსთავში, თბილისში, გორსა და ბათუმშია.