27-28 მარტს გურჯაანის ნანა იოსელიანისა და გიორგი გიორგაძის სახელობის საჭადრაკო კლუბში სწრაფ წადრაკში კახეთის რეგიონალური ჩემპიონატი ჩატარდება. ინფორმაციას სპექტრი ავრცელებს.
ჭადრაკის კლუბის დირექტორის, გიორგი ქიტესაშვილის განმარტებით, ტურნირში კახეთის რვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
„27 მარტს ჩატარდება ტურნირი 12 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის, ხოლო 28 მარტს – 18 წლამდე ასაკში. მონაწილეობას მიიღებენ კახეთის რეგიონის მოჭადრაკეები. შეჯიბრი ტარდება შვეიცარული სისტემით შვიდ ტურად. ასაკობრივ ჯგუფებში გამოვლინდებიან კახეთის ჩემპიონები, რომლებიც მომავალში მონაწილეობას მიიღებენ უკვე საქართველოს პირველობაზე. დახმარებას გაგვიწევს გურჯაანის სპორტული გაერთიანება. ტურნირს დაესწრებიან ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე და მოჭადრაკე ნანა იოსელიანი, რომლებიც ასევე გაგვიწევენ სპონსორობას. ორი დღის განმავლობაში, დაახლოებით, ასამდე მოჭადრაკეს ველოდებით.“
მისივე თქმით, პირველ და მეორე ადგილზე გასულები შესაბამისი თასებით, მედლებით და დიპლომებით დაჯილდოვდებიან.