განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2022-2023 წლის სექტემბრიდან, მოსწავლეებში ანალიტიკური, ლოგიკური, კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემების პრაქტიკული გადაჭრის უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, ჭადრაკი ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში სავალდებულო საგნად ემატება.
ამჟამად, განათლების სამინისტრო ჭადრაკის ეროვნულ ფედერაციასთან თანამშრომლობით მოსამზადებელი სამუშაოებს ახორციელებს, რათა მასწავლებლების ტრენინგების და სასწავლო რესურსების ორგანიზება მოხდეს.
განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, “ჭადრაკი მოსწავლეთა მრავალმხრივ უნარებს აუმჯობესებს, როგორებიცაა: ყურადღება, კონცენტრირება, მეხსიერება, ანალიზი, ლოგიკა, გადაწყვეტილების მიღება, სივრცეში ორიენტირება და სხვა. ეს კი, პირდაპირ კავშირშია მათემატიკისა და სხვა საგნების სტანდარტებით განსაზღვრულ კომპეტენციებთან“.
უწყებისვე განმარტებით, სკოლებში ჭადრაკის სწავლება გათვალისწინებულია ევროკავშირის 2012 წლის დეკლარაციით, რომელიც საგანმანათლებლო სისტემებში ჭადრაკის სწავლების დანერგვას ითვალისწინებს.