ხაშურის მერიამ 6 266 800 ლარის ღირებულების ისეთი ობიექტები ჩაიბარა, რომლებიც დამატებით რეაბილიტაციას საჭიროებს, – ვკითხულობთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.
“2018-2019 წლებში მუნიციპალიტეტმა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა 106 ხელშეკრულებით, ღირებულებით − 21 321 600 ლარი მუნიციპალიტეტის მიერ უხარისხო სამუშაოები გამოვლინდა ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებულ პროექტებზე, რომელთა ღირებულება 6 266 900 ლარია. კერძოდ, დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურის, სპორტული და სხვა დანიშნულების ინფრასტრუქტურული ობიექტები.
მუნიციპალიტეტში დანერგილი პრაქტიკის შესაბამისად, შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარებას და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებდა მუდმივმოქმედი ინსპექტირების ჯგუფი. ხელშეკრულებით ასევე განსაზღვრული იყო სამუშაოების მიღება-ჩაბარება საექსპერტო ან/და ტექნიკური ზედამხედველის მიერ გაცემული დასკვნების საფუძველზე, რითაც დასტურდებოდა შესრულებული სამუშაოების მოცულობა, ხარისხი და შესრულების ვადები”, – ვკითხულობთ ანგარიშში.
აუდიტისთვის წარდგენილი ინფორმაციით, მუნიციპალიტეტმა ობიექტები ჩაიბარა დადებითი საექსპერტო დასკვნების საფუძველზე. ამასთანავე, დასკვნებით დადასტურებულია შესრულებული სამუშაოების მოცულობები, ხოლო ხარისხი შეფასებულია ვიზუალურად ან/და მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი შესაბამისი ლაბორატორიული კვლევებით.
“როგორც გამოვლინდა, მუნიციპალიტეტის მიერ დანერგილი კონტროლის პროცედურები ზოგ შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფდა სათანადო რწმუნებას სამუშაოების ხარისხის ხელშეკრულებების პირობებთან შესაბამისობაზე. სამუშაოების ნაწილი შესრულებულია უხარისხოდ, ობიექტები დაზიანდა და საჭირო გახდა დამატებითი რეაბილიტაცია.
აუდიტის ობიექტს 2017-2019 წლებში შპს „ოპტიმალ გრუპ +“-ს გაფორმებული ჰქონდა ხელშეკრულება 50.0 ათას ლარზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურული ობიექტების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების საზედამხედველო მომსახურებაზე, ღირებულებით − 849.3 ათასი ლარი”, – ნათვამია ანაგრიშში.
აუდიტის ცნობით, ხელშეკრულების პირობების მიხედვით, მიმწოდებელი პასუხისმგებელი იყო შესრულებული სამუშაოების ხარისხზე. თუმცა მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რა სანქციები გაატარა მიმწოდებლის მიმართ, რომელმაც დაუშვა უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების ჩაბარება.
ამასთან, აუდიტის ინორმაციით, გამოვლენილი დაზიანებული ინფრასტრუქტურული პროექტების საგარანტიო ვადები არ იყო გასული და მუნიციპალიტეტმა ცხრავე ხელშეკრულების ფარგლებში მიმართა მიმწოდებელს ხარვეზების გამოსწორების მიზნით. დაზიანებები მხოლოდ ერთ ობიექტზე არ არის აღმოფხვრილი.
აუდიტის დასკვნით, ხაშურის მუნიციპალიტეტმა ვერ დანერგა კონტროლის სათანადო პროცედურები და პროცესები ვერ წარმართა იმგვარად, რომ არ მიეღო უხარისხოდ შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები. კერძოდ, მერიამ ჩაიბარა 6 266 800 ლარის ღირებულების ისეთი ობიექტები, რომლებიც დაზიანდა და საჭიროებს დამატებით რეაბილიტაციას.
აუდიტის რეკომენდაციაა მერიამ შეიმუშაოს და დანერგოს სამშენებლო სამუშაოების მიღებისა და ჩაბარების წესი, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი მოქმედი სტანდარტების დაცვით სამუშაოების შესრულებისათვის საჭირო კონტროლის
მექანიზმები.
“დოკუმენტით ნათლად უნდა განისაზღვროს კონტროლის თითოეულ ეტაპზე ჩასატარებელი სამუშაოები და კონტროლის განმახორციელებელი პირები, მათი მოვალეობები და პასუხისმგებლობები. აღნიშნული ხელს შეუწყობს კონტროლის მექანიზმების გამართულ ფუნქციონირებას, პროექტის შემოწმებისათვის საჭირო ყველა პროცედურის სათანადოდ წარმართვას და ხარისხიანი პროექტების ჩაბარებას”, – წერია რეკომენდაციაში.