ხარაგაულში ტრანსპორტით მომსახურებისთვის ტენდერი ხელახლა გამოცხადდა

349

ხარაგაულის თვითმმართველობამ მოსახლეობის ტრანსპორტით მომსახურების  თანადაფინანსებისთვის ტენდერი ხელახლა გამოაცხადა. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.

ტენდერი 9 990 ლარზეა გამოცხადებული. წინადადებების მიღება 14 მარტს დაიწყება.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საზოგადოებრივ ტრანსპორტმა მგზავრები ყოველდღიურად ხარაგაულიდან პატარა ხარაგაულის, თეთრაწყაროსა და კიცხის მიმართულებით უნდა გადაიყვანოს. სამშაბათობითა და ხუთშაბათობით – ფარცხნალისა და ქროლი-ბაზალეთის მიმართულებით.

პირველი ტენდერი მუნიციპალიტეტმა, თებერვლის დასაწყისში, 10 ათას ლარზე გამოაცხადა, მასში მონაწილეობა არავინ მიიღო და ტენდერი ამის გამო არ შედგა.

ხარაგაულში მოსახლეობას ტრანსპორტით 2016 წლიდან ი/მ „შოთა აბაშიძე“ ემსახურება. შოთა აბაშიძის განმარტებით, მუნიციპალიტეტის მიერ თებერვალში გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა სატენდერო თანხის სიმცირისა და მარშრუტების რაოდენობის გაზრდის გამო არ მიიღო.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით დევდარიანი განმარტავს: „მიმდინარე წლის სამი თვე, პრაქტიკულად, გასულია. ტენდერში გამარჯვებულს სამუშაოს შესრულება 10 თვის განმავლობაში – ხელშეკრულების გაფორმებიდან 2022 წლის 31 იანვრის ჩათვლით, – მოუწევს. ამიტომ ვთვლით, რომ ეს თანხა ამ ეტაპზე ტენდერისთვის საკმარისია“.