ყვარლის მერიამ თანამშრომელთა სამუშაო საათების აღრიცხვის სისტემა დაამონტაჟა, თუმცა ვერ იყენებს, – ვკითხულობთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.
“2018 წელს ყვარლის მუნიციპალიტეტმა 7.4 ათას ლარად შეიძინა ადმინისტრაციულ შენობაში თანამშრომელთა სამუშაო საათების აღრიცხვის სისტემა (ტურნიკეტი), თუმცა აუდიტის ჯგუფს ვერ წარედგინა აღნიშნული სისტემის მიერ აღრიცხული მონაცემები.
“როგორც გაირკვა, ტურნიკეტს ამოქმედებიდან მალევე შეექმნა ტექნიკური პრობლემები. კერძოდ, ვერ ხერხდება სისტემაში თანამშრომელთა დამატება და მართვის სისტემიდან ამონაწერის ამოღება, სადაც უნდა ფიქსირდებოდეს ნამუშევარი დრო. გაუმართაობის გამომწვევ მიზეზად დასახელებულია ინტერნეტ პროვაიდერის ცვლილება და ახალ სერვერზე გადასვლა. გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებდა 18- თვიან საგარანტიო ვადას, რომლის განმავლობაში, სისტემის გაუმართაობის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებული იყო საკუთარი ხარჯებით აღმოეფხვრა გამოვლენილი დეფექტები”, – წერია ანგარიშში.
აუდიტის ცნობით, ტურნიკეტის მუშაობაზე კონტროლის განხორციელება ევალებოდა მერიის ადმინისტრაციულ სამსახურს. თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა, პრობლემის აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი ღონისძიებები არ განხორციელებულა. რის შედეგადაც, მერიამ დაკარგა საგარანტიო ვადაში ხარვეზის აღმოფხვრის შესაძლებლობა.
“სისტემის გაუმართაობის პერიოდში მუნიციპალიტეტში ასევე არ აწარმოებდნენ თანამშრომელთა სამსახურში გამოცხადებისა და წასვლის აღრიცხვის ჟურნალს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ვერ ახორციელებდა თანამშრომელთა სამსახურში მოსვლისა და წასვლის დროის იდენტიფიცირებასა და შესაბამის კონტროლს. ასევე, აღსანიშნავია, რომ 2018-2019 წლებში საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური არ აწარმოებდა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სამუშაო დროის გამოყენებისა და ხელფასის გაანგარიშების აღრიცხვის ტაბელს და ხელფასების დარიცხვა/გაცემა ხორციელდებოდა მხოლოდ საშტატო ნუსხის საფუძველზე”, – წერია ანგარიშში.
აუდიტის დასკვნთ, მუნიციპალიტეტის მიერ დამონტაჟებული ტურნიკეტი არ გამოიყენება, შედეგად, მის შეძენაზე დახარჯული 7.4 ათასი ლარი წარმოადგენს არაეფექტიან ხარჯს. ამასთანავე, მუნიციპალიტეტში სამუშაო დროის აღრიცხვის მიზნით არც სხვა, ალტერნატიულ საშუალებებს იყენებენ, შესაბამისად, ხელფასების გაანგარიშება/გაცემა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შეუსაბამოდ.