რუსთავის შიდასაქალაქო სატრანსპორტო კომპანიებმა ინიციატივა წამოაყენეს, რომლის მიხედვითაც საქალაქთაშორისო მგზავრების აყვანა ქალაქის შემოსასვლელში უნდა მოხდეს. ამის შესახებ ინფო რუსთავი წერს.
ინიციატივის შესახებ კომპანიების წარმომადგენლებმა საკრებულოს სხდომათა დარბაზში ტრანსპორტის საკითხების დროებითი სამუშაო ჯგუფის წევრებთან შეხვედრის დროს ისაუბრეს.
როგორც სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, გურამ კვარაცხელიამ განაცხადა, შორი პერსპექტივისთვის საქალაქთაშორისო მგზავრთა აყვანა ქალაქის შემოსასვლელიდან რუსთავში რიგ პრობლემებს მოაგვარებს.
“დღესდღეობით მგზავრისთვის რთული ასახსნელია, რა სიკეთეებს გამოიწვევს სადგურის გატანა. 140 000-იანი ქალაქია და ყოველდღიურად 30 000 საქალაქთაშორისო მგზავრი გვყავს, რომელიც ქალაქიდან გადის და შემოდის, თან არ გვაქვს ავტოსადგური. ეს რა სირთულეებს იწვევს, მარტო ტრანსპორტერმა იცის და ამიტომაა ეს სიტუაცია”,- განაცხადა გურამ კვარაცხელია.
კვარაცხელიას თქმით, ამ ეტაპზე რუსთაველ მგზავრს ურჩევნია, რომ შიდასაქალაქო ტრანსპორტი მისს სახლთან რაც შეიძლება ახლოს მივიდეს, თუმცა მომავლისთვის უკეთესი იქნება, თუ ქალაქის შემოსასვლელიდან მოხდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მოსარგებლე მგზავრების აყვანა, რადგან შესაძლოა მგზავრობის ფასმაც დაიკლოს.
შიდასაქალაქო მიკროავტობუსების მფლობელი კომპანიების წარმომადგენლების განცხადებით, საქალაქთაშორისო მგზავრების შემოსასვლელში აყვანა, მათ მგზავრების რაოდენობას გაუზრდის.
გარდა ამისა, შეხვედრაზე გაჟღერდა, რომ ამ იდეის განხორციელება მომავლისთვის ქალაქში მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების რიცხვსაც შეამცირებს, რაც დადებითად აისახება რუსთავის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე.
შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საკრებულოს მხრიდან სპეციალისტების ჩართულობით საკითხთან დაკავშირებით მუშაობა დაიწყება, რომლის დროსაც გამოვლინდება შესაძლებელია თუ არა მისი განხორციელება.