ყვარელის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტს დისკვლიფიკაცია მიენიჭა და სანიაღვრეების მოწყობაში 17 800 ლარით მეტი დაიხარჯა, – ვკითხულობთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.
“2019 წელს ყვარლის მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა 3 ტენდერი სანიაღვრე არხების მოსაწყობად, ჯამური ღირებულებით − 117.1 ათასი ლარი. აუდიტის შესწავლით ირკვევა, რომ სატენდერო კომისიამ მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით სამივე ტენდერში დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტს მისცა დისკვალიფიკაცია. კერძოდ, სამივე ტენდერის შემთხვევაში სატენდერო კომისიამ განიხილა ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მონაცემები და მოსთხოვა სატენდერო დოკუმენტაციის დაზუსტება. სატენდერო კომისიამ პრეტენდენტს მისცა დისკვალიფიკაცია, რადგან არ იყო წარდგენილი ხარჯთაღრიცხვით მოთხოვნილი კალკულაცია ლითონის ცხაურის დამზადებაზე. შესწავლით ირკვევა, რომ დისკვალიფიცირებულ პრეტენდენტს ცხაურის კალკულაცია არც თავდაპირველად წარმოდგენილ ხარჯთაღრიხვაში ჰქონდა განფასებული.
„მოქმედი კანონმდებლობით, სატენდერო დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნისას, სატენდერო კომისია ვალდებული იყო კონკრეტულად მიეთითებინა პრეტენდენტისათვის დასაზუსტებელი პოზიციის/ნაწილის შესახებ, რაც არ განუხორციელებია. საბოლოოდ, სამივე ტენდერის სახელშეკრულებო ღირებულება 17.8 ათასი ლარით აღემატებოდა დისკვალიფიცირებული პრეტენდენტის მიერ შეთავაზებულ ღირებულებას.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დადკვნით, სატენდერო კომისიის მიერ მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევის შედეგად მოხდა ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის დისკვალიფიცირება, რის გამოც მუნიციპალიტეტმა სანიაღვრე არხების მოსაწყობად, ჯამში სამივე ხელშეკრულების ფარგლებში გადაიხადა 17.8 ათასი ლარით მეტი.
აუდიტის რეკომენდაციაა, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიამ სახელმწიფო შესყიდვების პროცესი წარმართოს ისე, რომ უზრუნველყოს პრეტენდენტების მიმართ ერთგვაროვანი, არადისკრიმინაციული მიდგომა. ამასთანავე, ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ დანერგოს კონტროლის დამატებითი მექანიზმები და არ დაუშვას კანონშეუსაბამო გადაწყვეტილებების მიღება. მუნიციპალიტეტმა გამოავლინოს პასუხისმგებელი პირები და გაატაროს მათ მიმართ შესაბამისი ღონისძიებები.