ქარელის მერიამ 1 მილიონზე მეტი ღირებულების ისეთი პროექტები ჩაიბარა, რომელიც დაზიანებულია და რეაბილიტაციას საჭიროებს, – ვკითხულობთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.
“2018-2019 წლებში ქარელის მუნიციპალიტეტმა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა 109 ხელშეკრულების ფარგლებში, ღირებულებით 17,105.9 ათასი ლარი.
აუდიტის ჯგუფმა ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, რის შედეგადაც გამოვლინდა უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები. მაგალითად სოფელ სასირეთისა და სოფელ ბრეთის მინი-სტადიონები მოწყობილია ხარვეზებით. გარდა ზემოთ აღნიშნულისა, დათვალიერებით უხარისხო სამუშაოები გამოვლინდა 11 ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებულ პროექტებზე, რომელთა ღირებულება 918.0 ათასი ლარია.
კერძოდ, აუდიტის ცნობით, დაზიანებულია სპორტული, საგზაო ინფრასტრუქტურის და სხვა დანიშნულების ინფრასტრუქტურული ობიექტები (იხილეთ დანართები №1,2).
“მუნიციპალიტეტში დანერგილი პრაქტიკის შესაბამისად, შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარებას და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებდა ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შესრულებული სხვადასხვა სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოს მიმღები კომისია. ხელშეკრულებით ასევე განსაზღვრული იყო სამუშაოების მიღება-ჩაბარება საექსპერტო ან/და ტექნიკური ზედამხედველის მიერ გაცემული დასკვნების საფუძველზე, რითაც დასტურდებოდა შესრულებული სამუშაოების მოცულობა, ხარისხი და შესრულების ვადები.
წარმოდგენილი ინფორმაციით, მუნიციპალიტეტმა ობიექტები ჩაიბარა დადებითი საექსპერტო დასკვნების საფუძველზე. ამასთანავე, დასკვნებით დადასტურებულია
შესრულებული სამუშაოების მოცულობები, ხოლო ხარისხი შეფასებულია მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი შესაბამისი ლაბორატორიული კვლევებით”, – წერია აუდიტის ანგარიშში.
როგორც აუდიტის დასკვნიდან გამოვლინდა, მუნიციპალიტეტის მიერ დანერგილი კონტროლის პროცედურები, ზოგ შემთხვევაში, ვერ უზრუნველყოფდა სათანადო რწმუნებას სამუშაოების ხარისხის მოქმედ სტანდარტებთან და ნორმებთან შესაბამისობაზე. სამუშაოების ნაწილი შესრულებულია უხარისხოდ, ობიექტები დაზიანებულია და საჭიროებს დამატებით რეაბილიტაციას.
“ობიექტების ექსპლოატაციის პროცესში გამოვლენილი უხარისხობა ძირითადად სამუშაოების მიმდინარეობისას მოქმედი სამშენებლო წესებისა და ნორმების დარღვევის შედეგია, რომლის გამოვლენაც საექსპერტო დაწესებულების ვალდებულებაა. დაზიანებული ობიექტების არსებობის მიუხედავად, მუნიციპალიტეტს აღნიშნული ორგანიზაციების პასუხისმგებლობის შესახებ არ უმსჯელია და სათანადო ღონისძიებები არ გაუტარებია.
აღსანიშნავია, რომ დათვალიერებით გამოვლენილი დაზიანებული ინფრასტრუქტურული პროექტების საგარანტიო ვადები არ იყო გასული. მიუხედავად ამისა, მუნიციპალიტეტმა 13-დან მხოლოდ 4 ხელშეკრულების ფარგლებში მიმართა მიმწოდებელს ხარვეზების გამოსწორების მიზნით. წარმოდგენილი ინფორმაციით ორ ობიექტზე დაზიანებები აღმოფხვრილია.
შესაბამისად, მუნიციპალიტეტმა არ გამოიყენა ხელშეკრულებებით მინიჭებული უფლება და არ უზრუნველყო არსებული წუნის მიმწოდებელი ორგანიზაციების
სახსრებით გამოსწორება”, – ვკითხულობთ ანგარიშში.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხედვით, მუნიციპალიტეტმა ვერ დანერგა კონტროლის სათანადო პროცედურები და პროცესები ვერ წარმართა იმგვარად, რომ არ მიეღო უხარისხოდ შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები, კერძოდ, მერიამ ჩაიბარა 1,004.4 ათასი ლარის ღირებულების ისეთი ობიექტები, რომლებიც დაზიანებულია და საჭიროებს დამატებით რეაბილიტაციას. მუნიციპალიტეტი ვალდებული იყო დაედგინა დაზიანების გამომწვევი მიზეზები, მათზე პასუხისმგებელი პირები და ზარალის ანაზღაურების მიზნით გაეტარებინა შესაბამისი ღონისძიებები, რაც არ განუხორციელებია.
აუდიტის რეკომენდაციაა, მერიამ შეიმუშაოს და დანერგოს სამშენებლო სამუშაოების მიღებისა და ჩაბარების წესი, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი მოქმედი სტანდარტების დაცვით სამუშაოების შესრულებისათვის საჭირო კონტროლის მექანიზმები.
“დოკუმენტით ნათლად უნდა განისაზღვროს კონტროლის თითოეულ ეტაპზე ჩასატარებელი სამუშაოები და კონტროლის განმახორციელებელი პირები, მათი მოვალეობები და პასუხისმგებლობები. აღნიშნული ხელს შეუწყობს კონტროლის მექანიზმების გამართულ ფუნქციონირებას, პროექტის შემოწმებისათვის საჭირო ყველა პროცედურის სათანადოდ წარმართვას და ხარისხიანი პროექტების ჩაბარებას. ამასთანავე, მუნიციპალიტეტმა შეისწავლოს პროექტების დაზიანების გამომწვევი მიზეზები და უზრუნველყოს მათი აღმოფხვრა”, – წერია რეკომენდაციაში.