თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა ტენდერები: სოფელ პანტიანში − ახალი ამბულატორიის და დაბა მანგლისში, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების შენობის მშენებლობის სამუშაოებზე. ამბულატორიის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა 2-ჯერ და არ შედგა. ამის შესახებ საუბარია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საქმიანობის შესაბამისობის 2018-2019 წლის აუდიტის ანგარიშში.
ანგარიშში წერია, რომ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების შენობის მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერი სატენდერო კომისიამ 31 ივლისს შეწყვიტა და მიიღო გადაწყვეტილება სამუშაოები შეესყიდა გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით, გამარტივებული შესყიდვით გზით.
“ტენდერის შეწყვეტის მიზეზად მოყვანილია არგუმენტი, რომ ტენდერის პროცედურები საჭიროებდა, მინიმუმ, 25 დღეს. შესაბამისად, ხელშეკრულება ვერ გაფორმდებოდა აგვისტოს ბოლომდე და მიმწოდებელს სამუშაოების შესრულება მოუწევდა შემოდგომა-ზამთარში, მკაცრ კლიმატურ პირობებში, რაც ხელს შეუშლიდა სამუშაოების დროულად დასრულებასა და მაღალხარისხიანად წარმართვას,”- წერია დოკუმენტში.
მუნიციპალიტეტმა სოფელ პანტიანში, ამბულატორიის მშენებლობის სამუშაოების განხორციელება ანალოგიური მიზეზით გამარტივებული შესყიდვის გზით გადაწყვიტა. მუნიციპალიტეტმა აღნიშნული სამუშაოების მოწყობის მიზნით ხელშეკრულებები გააფორმა:
- 2019 წლის 30 აგვისტოს, შპს „ბიარსთან“, დაბა მანგლისში სასწრაფო- სამედიცინო დახმარების შენობის მშენებლობის სამუშაოებზე, ღირებულებით − 268.2 ათასი.
- 2019 წლის 21 აგვისტოს, შპს „ლ.გ. გრუპ ინვესტსთან“, სოფელ პანტიანში ამბულატორიის მშენებლობაზე, ღირებულებით − 81.5 ათასი ლარი.
გამარტივებული შესყიდვის გზით სამუშაოების შესყიდვის მიზეზად დასახელებულია ტენდერისათვის არასაკმარისი დრო, შესაბამისად, მუნიციპალიტეტი ვალდებული იყო უმოკლეს ვადაში მოეძებნა მიმწოდებელი და დროულად გაეფორმებინა ხელშეკრულებები. ნაცვლად ამისა, მუნიციპალიტეტმა შესყიდვის პროცედურები წარმართა ისე, რომ ხელშეკრულებები გააფორმა დაგვიანებით – ერთ შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან − ერთი თვის, ხოლო მეორე შემთხვევაში – 21 დღის შემდეგ. შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა არ არის საკმარისად დასაბუთებული. წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლით ირკვევა, რომ მიმწოდებლებმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები არ შეასრულეს და ობიექტები არ ფუნქციონირებს, კერძოდ:
სოფელ პანტიანში ამბულატორიის მშენებლობა
ხელშეკრულების პირობების მიხედვით, შპს „ლ.გ. გრუპ ინვესტს“ სოფელ პანტიანში ამბულატორიის მშენებლობის სამუშაოები უნდა დაესრულებინა 2019 წლის 30 ოქტომბერს. შპს „ლ.გ. გრუპ ინვესტმა“ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც 26 დეკემბერს შეუწყდა ხელშეკრულება. მუნიციპალიტემა არ გამოიყენა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები და მიმწოდებლისთვის არ დაურიცხავს პირგასამტეხლო გეგმა- გრაფიკის დარღვევისათვის − 7.8 ათასი ლარი, ხოლო შეუსრულებელი სამუშაოებისათვის − 4.1 ათასი ლარი. აღსანიშნავია, რომ ამბულატორიის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერებში მოთხოვნილი იყო ანალოგიური სამუშაოების შესრულების გამოცდილება, თანხით − 101.6 ათასი ლარი.
შესწავლით ირკვევა, რომ შპს „ლ.გ. გრუპ ინვესტს“ წარმოდგენილი აქვს ცენტრალური გათბობის სისტემის მონტაჟის და სველი წერტილების სარემონტო სამუშაოების გამოცდილება, რაც ანალოგიური ტიპის და სირთულის გამოცდილებაში არ შეიძლება ჩაითვალოს. მუნიციპალიტეტმა ვერ დაასაბუთა, თუ რა კრიტერიუმების მიხედვით იქნა შერჩეული მიმწოდებელი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტმა გადაუდებელი აუცილებლობის მიზეზით, გამარტივებული შესყიდვის ფორმით, კანონმდებლობის დარღვევით ხელშეკრულება გაუფორმა ისეთ მიმწოდებელს, რომელსაც არ გააჩნდა შესაბამისი რესურსი და სამუშაოების წარმართვის შესაძლებლობა. შესაბამისად, არსებობს რისკი, რომ ხელშეკრულება გაფორმდა წინასწარ შერჩეულ პირთან.
დაბა მანგლისში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების შენობის მშენებლობა
შპს „ბიარსთან“ გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებელს დაბა მანგლისში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების შენობის მშენებლობის სამუშაოები უნდა დაესრულებინა 2020 წლის 29 იანვარს. წარმოდგენილი ინფორმაციით, შპს „ბიარსმა“ ხელშეკრულებით განსაზღვრული 268.2 ათასი ლარის სამუშაოებიდან შეასრულა მხოლოდ 128.7 ათასი ლარის სამუშაოები, რის გამოც 2020 წლის 17 ივნისს შეუწყდა ხელშეკრულება და დაეკისრა საჯარიმო სანქცია გეგმა-გრაფიკის დარღვევისათვის, 13.9 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო შეუსრულებელი სამუშაოებისათვის − 6.9 ათასი ლარი.
აუდიტის მიმდინარეობის პერიოდში საჯარიმო სანქცია გადახდილი არ იყო. მუნიციპალიტეტმა ვერ შეძლო ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მიღებაც, რადგან მისი მოქმედების ვადა ხელშეკრულების შეწყვეტის დროს გასული იყო. მიუხედავად იმისა, რომ მიმწოდებელი არ ასრულებდა სამუშაოებს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში, მუნიციპალიტეტმა არ მოსთხოვა მიმწოდებელს საბანკო გარანტიის ვადის გაგრძელება, რის გამოც დაკარგა 13.4 ათასი ლარი მიღების შესაძლებლობა.
აუდიტის დასკვნაში წერია, რომ „მუნიციპალიტეტმა, სამუშაოების მოკლე ვადაში შესრულების მიზნით, ტენდერის გვერდის ავლით, გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით გამარტივებული შესყიდვით გააფორმა ხელშეკრულებები ისეთ მიმწოდებლებთან, რომლებმაც ვერ შეძლეს ხელშეკრულების პირობების შესრულება. შესყიდვის პროცესის არასათანადო წარმართვისა გამო, სამუშაოები დაუსრულებელია”.