თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისთვის ვადიანი აბონემენტების შემოღება იგეგმება – ამის შესახებ საუბარია “თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის 2021-2023 წლების განვითარების პროგრამაში”, რომელიც საკრებულომ დაამტკიცა. ინფორმაციას ბიზნეს მედია ავრცელებს.
პროგრამა რიგ ცვლილებებს ითვალისწინებს, მათ შორის მგზავრობის საფასურის ინტეგრირებული სისტემის დანერგვას, რომელშიც მეტრო, ავტობუსები და ახალი ლურჯი ავტობუსები ჩაერთვებიან. საათნახევრის განმავლობაში ამ ტრანსპორტით გადაადგილება ერთი ბილეთით იქნება შესაძლებელი, რომლის ღირებულება 50 თეთრი იქნება. ახალი სისტემა პირველი აპრილიდან ამოქმედდება.
როგორც საკრებულოს წევრი შალვა ოგბაიძე BM.GE-სთან აცხადებს, “საზოგადოებრივი ტრანსპორტის 2021-2023 წლების განვითარების პროგრამით” სხვა ცვლილებებთან ერთად გათვალისწინებულია მგზავრობის ერთკვირიანი/ერთთვიანი აბონემენტების შემოღება. მისი განმარტებით, ერთკვირიანი და ერთთვიანი აბონემენტების ფასი შეღავათიანი იქნება, თუმცა, მგზავრებს თავად შეეძლებათ გააკეთონ არჩევანი – ისარგებლონ ჩვეულებრივი ტარიფით, თუ უღირთ შეიძინონ აბონემენტები.
შალვა ოგბაიძის განცხადებითვე, მსგავსი აბონემენტები უცხოეთში უკვე დიდი ხნის პრაქტიკაა და საკმაოდ კარგად მუშაობს, მათ შორის ტურისტების შემთხვევაშიც.
“საზოგადოებრივი ტრანსპორტის 2021-2023 წლების განვითარების პროგრამით” გაწერილია, რომ აღნიშნული სისტემა ქვეყანაში 2023 წლის 1 ივლისიდან უნდა ამოქმედდეს. შალვა ოგბაიძე განმარტავს, რომ ეტაპობრივად მოხდება შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება, რომ ქსელი გამართული იყოს. აბონემენტების ტარიფებიც და ვადიანობაც მოგვიანებით დადგინდება.
საკრებულოს წევრი მიიჩნევს, რომ პროგრამით ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილებაა გათვალისწინებული და მათი განხილვა ერთიან ჭრილში უნდა მოხდეს და არა განცალკევებულად.
“საზოგადოებრივი ტრანსპორტის 2021-2023 წლების განვითარების პროგრამა” სულ 15 პუნქტს მოიცავს, ესენია:
1. სამგზავრო გადაყვანის მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული M2 კატეგორიის ავტობუსებით (მიკროავტობუსებით) მგზავრობის ფასის დადგენა 50 თეთრის ოდენობით.
2. საზოგადოებრივი ტრანსპორტის (M3 კატეგორიის ავტობუსი და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტი (მეტრო) უფასო გადაჯდომის არსებულ სისტემაში სამგზავრო გადაყვანის მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული M2 კატეგორიის ავტობუსების ჩართვის უზრუნველყოფა.
3. საზოგადოებრივ ტრანსპორტში (M3 კატეგორიის ავტობუსი და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტი (მეტრო) არსებული შეღავათიანი მგზავრობის პირობების გავრცელება სამგზავრო გადაყვანის მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართულ M2 კატეგორიის ავტობუსებში (01.04.2021)
4. ტენდერის გამოცხადება 8-მეტრიანი 180 ერთეული M3 კატეგორიის ავტობუსის შესყიდვაზე მე-7 და მე-10 პუნქტების გათვალისწინებით (01.05.2021)
5. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 კატეგორიის ავტობუსებით რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელებაზე ნებართვების მფლობელების მიერ შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მიერ უკვე შესყიდული 300 ერთეული M2 კატეგორიის ავტობუსის გამოსყიდვის უზრუნველყოფა (01.08.2021)
6. ტენდერის გამოცხადება 18-მეტრიანი M3 კატეგორიის 200 ერთეული ავტობუსის შესყიდვაზე მე-13 პუნქტის გათვალისწინებით (01.09.2021)
7. 8-მეტრიანი არანაკლებ 50 ერთეული M3 კატეგორიის ავტობუსის მიღების უზრუნველყოფა(01.01.2022)
8. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 კატეგორიის ავტობუსებით რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელებაზე ნებართვების მფლობელების მიერ დამატებით 400 ერთეული M2 კატეგორიის ახალი ავტობუსის შესყიდვა და მიღების უზრუნველყოფა(01.01.2022)
9. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ 300 ერთეული M2 კატეგორიის ახალი ავტობუსის შესყიდვა და მიღების უზრუნველყოფა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 კატეგორიის ავტობუსებით რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელებაზე ნებართვების მფლობელებისთვის გადაცემა (01.01.2022)
10. 8-მეტრიანი 130 ერთეული M3 კატეგორიის ავტობუსის მიღების უზრუნველყოფა(01.06.2022)
11. 1 ერთეული M3 კატეგორიის ავტობუსების არსებული ავტობაზის რეაბილიტაცია(01.01.2023)
12. 1 ერთეული M3 კატეგორიის ავტობუსების ახალი ავტობაზის მშენებლობა (01.07.2023)
13. 18-მეტრიანი M3 კატეგორიის 200 ერთეული ავტობუსის მიღების უზრუნველყოფა(01.07.2023)
14. მგზავრობის ვადიანი აბონემენტების დანერგვა და ამოქმედება(01.07.2023)
15. მგზავრთა გადაყვანის ახალი ქსელის სრულად ამოქმედება (01.07.2023).