ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველო“ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელებისათვის ქართულ ენაზე მონაწილეობითი დემოკრატიის სკოლის სასწავლო პროგრამის განხორციელებას იწყებს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ორგანიზაციიდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში, მსმენელები შეძლებენ უნარების განვითარებას და მიიღებენ სათანადო ცოდნა-გამოცდილებას, რათა, ერთი მხრივ, ეფექტურად ჩაერთონ პარტიულ პოლიტიკაში, კონკრეტულად კი 2021 ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის და მოახერხონ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება, ხოლო, მეორე მხრივ, შეძლონ კარიერული სვლა საჯარო სექტორში, როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე.
„აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს როგორც თეორიულ სწავლებას, ისე პრაქტიკულ მეცადინეობებს და აქტივობებს, მათ შორის საჯარო და პოლიტიკური პროცესების ინსცენირებას. სიმულაციური მეცადინეობის პროცესში, უზრუნველყოფილი იქნება დაინტერესებული მხარეების (საჯარო სექტორი, პოლიტიკური პარტიები, კონფლიქტოლოგები) ფართო ჩართულობა და პროაქტიული მონაწილეობა, როგორც შესაბამისი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების, ისე სტუდენტთა შეფასების თვალსაზრისით.
პროგრამა ასევე ითვალისწინებს საჯარო ლექციათა ციკლს, პოლიტიკური პარტიების, საერთაშორისო ორგანიზაციების, ევროკავშირის მონაწილე ქვეყნების, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორებისა და საელჩოების, განვითარების ხელშემწყობი და დონორი ორგანიზაციების, საჯარო უწყებებისა და ექსპერტთა ჩართულობით.
მონაწილეობითი დემოკრატიის სკოლის პროექტი ხორციელდება „ეროვნული ღვაწლი დემოკრატიისთვის“ (NED) ფინანსური ხელშეწყობით”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.