„მრავალეროვანი საქართველო“ ითხოვს, booking.moh.gov.ge-ს ინსტრუქცია ეთნიკური უმცირესობებისთვის გასაგებ ენებზეც დაამატონ

695

„მრავალეროვანი საქართველო“, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს დიმიტრი ხუნდაძეს, ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორს, ამირან გამყრელიძეს მიმართავს, რომ სახელმწიფო სტრუქტურებმა ვებ-გვერდისათვის – https://booking.moh.gov.ge ინსტრუქციის ეთნიკური უმცირესობებისთვის გასაგებ ენებზე დამატება უზრუნველყონ.

მათივე განცხადებით, საქართველოს ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესი შეფერხებებით მიმდინარეობს, რისი ერთ-ერთი მიზეზი ენობრივი ბარიერია.

„მრავალეროვანი საქართველოსა“ და „ჯენერეიშნ აი-ს“ ინფორმაციით, საქართველოს ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში, მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესი შეფერხებებით მიმდინარეობს, რისი ერთ-ერთი მიზეზიც ენობრივი ბარიერია. სახელდობრ, მოსახლეობის იმ ნაწილისათვის, რომელიც ამ დროისთვის ვერ, ან არ საუბრობს სახელმწიფო ენაზე, შეუძლებელია დარეგისტრირდეს ვაქცინაციის საიტზე, სადაც ინსტრუქციები და ფუნქციები მხოლოდ ქართულ და ინგლისურ ენაზეა.

„ქვეყანაში არსებული რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან და კოვიდ 19-ით გამოწვეული საფრთხეებიდან გამომდინარე, ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ აუცილებელია რელევანტურმა სახელმწიფო სტრუქტურებმა უზრუნველყონ ვებ-გვერდისათვის https://booking.moh.gov.ge ინსტრუქციის ეთნიკური უმცირესობებისათვის გასაგებ ენებზე დამატება. ასევე, საჭიროა საქართველოს ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში კიდევ უფრო გააქტიურდეს ვაქცინაციასთან დაკავშირებული საინფორმაციო კამპანია, მათთვის გასაგებ ენებზე.

„მრავალეროვანი საქართველო“ და „ჯენერეიშნ აი“ სრულ მზადყოფნას გამოხატავენ, ხელი შეუწყონ, ჩაერთონ და მონაწილეობა მიიღონ, როგორც ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანიაში, ასევე ვებ-გვერდთან დაკავშირებულ სამუშაოებში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.