პლატფორმა „სალამი“ მარნეულის 2021-25 წლების მოწვევის საკრებულოში შესულ პარტიებსა და ადგილობრივ თვითმმართველობას ენობრივი ბარიერის დასაძლევად მერიის პირველ სართულზე სამენოვანი საკონსულტაციო ოფისის შექმნის დაპირების შესრულებისაკენ მოუწოდებს. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
ორგანიზაციის განცხადებით, მარნეულში მცხოვრები მოსახლეობის უმრავლესობა მერიის სერვისებით ვერ სარგებლობს, რადგანაც არსებობს ენის ბარიერი.
„სალამის“ მიერ გამოქვეყნებულ მიმართვაში სოციალური სამართლიანობის ცენტრის დაფუძნებელი თამთა მიქელაძე განმარტავს, რომ სერვისებზე ხელმიუწვდომლობის პოლიტიკური ჩართულობის მიმართულებით ქვემო ქართლის რეგიონში, მათ შორის მარნეულშიც, განსაკუთრებულად რთული რეალობაა.
„საერთაშორისო ვალდებულებების და ეროვნული კანონმდებლობის საწინააღმდეგოდ ადგილობრივი თვითმმართველობა არ უზრუნველყოფს თარგმანების რესურსების შექმნას უმცირესობების ენისთვის, რაც ბუნებრივია, რომ არის ერთ-ერთი სტრუქტურული ფაქტორი უნდობლობისა და პოლიტიკური გაუცხოებისა ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ჩვენ ვიცით, რომ მარნეულში ეთნიკური უმცირესობები უმრავლესობას შეადგენენ, ამავდროულად ჩვენ ვიცით, რომ სახელმიწფო ენის ცოდნა ეთნიკურ უმცირესოებებში სუსტია სწორედ იმ სისტემური და ისტორიული ჩავარდნების გამო რომელიც ჩვენს განათლების პოლიტიკას ჰქონდა და ამ რეალობის მიუხედავად ჩვენ ვხედავთ, რომ მათ არ აქვთ შესაძლებლობა საკუთარი ენა გამოიყენონ ან ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვან პროცესებთან და პროგრამებთან დაკავშირებით საკუთარ ენაზე მიიღონ“.
მიქელაძის განცხადებით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ოფიციალური ვებგვერდები, სოციალური ქსელები და საინფორმაციო მიმღებები და რაც მთავარია საჯარო ინფორმაციაზე პასუხი, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობები გასცემენ, არაა თარგმნილი უმცირესობების ენაზე რაც ხიდჩატეხილობისა და უნდობლობის მიზეზია.
„მოსახლეობის უმრავლესობა მარნეულის მუნიციპალიტეტშ ხდება ხმაწართმეული და უძალო სწორედ იმის გამო, რომ ენის არსებული პოლიტიკა მათ საჭიროებებს და უფლებებს არ შეესაბამება და მას აიგნორებს“. – აცხადებს სოციალური სამართლიანობის ცენტრის დამუძნებელი
„სალამი“ პოლიტიკურ პარტიებს საკუთარ პროგრამებსა და პლატფორმებში მარნეულის თვითმმართველობის სერვისების თარგმნის და ოფიციალური გვერდებისა და საიტების უმცირესობების ენაზე თარგმნის შესახებ დაპირების შეტანისაკენ მოუწოდებს.