პარლამენტის ბიუროს სხდომაზე წარედგინება ცვლილებები, რომლებიც ეთნიკური უმცირესობებისთვის ავთენტური გვარის მინიჭებისთვის კონკრეტული მექანიზმის შექმნას ითვალისწინებს. ინფორმაციას რადიო მარნეული აქვეყნებს.
„საქართველოში მცხოვრები ზოგიერთი ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელთა გვარები ხელოვნურად, ამავე ეთნიკური ჯგუფის ისტორიულ-კულტურული ტრადიციებისთვის არადამახასიათებელი მეთოდიკით შეიქმნა. საქართველოში გვარის შეცვლის აღნიშნული პრაქტიკა, ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიის პერიოდიდან იღებს სათავეს. აღნიშნული პროცესი განსაკუთრებით ინტენსიური გახდა საბჭოთა კავშირის პერიოდში, როდესაც ასიმილაციის პოლიტიკის გატარების გზით, არაერთი ეთნიკური ჯგუფისთვის დამახასიათებელი გვარი იძულებით იქნა შეცვლილი, რაც მათ შორის, რუსული ენის დომინაციით იყო ნაკარნახევი. აღნიშნულ პროცესს მხოლოდ საქართველოში არ ჰქონდა ადგილი. მაგალითად, გასაბჭოების შემდგომ, აზერბაიჯანული გვარების დაბოლოებებმა რუსული გვარისთვის დამახასიათებელი სუფიქსები შეიძინა. ცნობილია, რომ მსგავსი მიდგომა გამოიყენებოდა საქართველოშიც და საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შეყვანილ სხვა სახელმწიფოებში მაცხოვრებელი სხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლების მიმართ (იეზიდები, ბერძნები).
ადგილი ჰქონდა შემთხვევებს, როდესაც გვარი არათუ მოდიფიცირდა, არამედ სრულად ხელოვნურად იყო ფორმირებული და მიკუთვნებული კონკრეტული პირებისთვის. ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს წართმეული ჰქონდათ საკუთარი იდენტობისთვის დამახასიათებელი გვარის ტარების უფლება, ხოლო გაუმართლებელი კულტურული დომინაციის ამ მეთოდის გამოყენებით ეს პირები მოკლებულნი იყვნენ შესაძლებლობას, ჰქონოდათ საკუთარი, ავთენტური გვარები“, – განმარტებულია კანონპროექტში.
ამასთან, ცვლილებებით, შეიქმნება დროებითი კომისია, რომელიც უფლებამოსილი იქნება, შეისწავლოს და იუსტიციის მინისტრს იმ ეროვნებათა ჩამონათვალი წარუდგინოს, რომელთა მიმართაც არაავთენტური გვარების მინიჭების პრაქტიკას ჰქონდა ადგილი. კომისია ასევე უფლებამოსილი იქნება, შეიმუშავოს და მინისტრს რეკომენდაციის სახით წარუდგინოს გვარების შეცვლის მეთოდოლოგია.
ასევე, კანონპროექტის საფუძველზე იუსტიციის მინისტრს ენიჭება უფლებამოსილება, გამოსცეს ბრძანება, რომელიც გვარის შეცვლის პროცედურებსა და მასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგებას შეეხება. ამავე ბრძანებით უნდა განისაზღვროს გვარის შეცვლის პროცედურასთან დაკავშირებული მომსახურების საფასურიც.