ძველ რუსთავში რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება.
რუსთავის მერიის ინფორმაციით, პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია რუსთაველის და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაში საცხოვრებელი კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. ასევე, დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება ტროტუარები, მოეწყობა ბორდიურები და სარწყავი სისტემა, განახლდება გარე განათების ქსელი.
რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 2,4 მილიონი ლარია. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის სექტემბერში იგეგმება.
როგორც ილია ბეგიაშვილმა აღნიშნა, დიდი ხნის განმავლობაში ქალაქისთვის გამოწვევად რჩებოდა იალღუჯას მთიდან წამოსული ღვარცოფული ნაკადები, რაც ზიანს აყენებდა მოსახლეობას და სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურას.
„ვფიქრობ, საინტერესო პროექტი გამოვა და ამ უბანს სულ სხვა იერს შესძენს. ასევე მინდა აღვნიშნო სხვა მასშტაბური სამუშაოების შესახებ, რაც რუსთაველებისთვის ასევე მნიშვნელოვანია. ერთი ასეთი პროექტი წელს ზაფხულში დავასრულეთ და ამით ათწლეულების პრობლემა გადაწყდა. დიდი ხნის განმავლობაში ქალაქისთვის გამოწვევად რჩებოდა იალღუჯას მთიდან წამოსული ღვარცოფული ნაკადები, რაც ზიანს აყენებდა მოსახლეობას და სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურას. ეს საკითხი სრულად მოგვარდა, ამ ეტაპზე კი მიმდინარეობს ძალიან საინტერესო პროექტის შერჩევა-შეფასება. ეს არის მულტიფუნქციური სპორტ-კომპლექსი, რომელიც ერთ-ერთი მსხვილი ობიექტი იქნება და დარწმუნებული ვარ რუსთავში ჯანმრთელი ცხოვრების წესის მიმდევრების საყვარელი ადგილი გახდება”, – აღნიშნა ილია ბეგიაშვილმა.