მდინარაძე ოპოზიციას: პლებისციტის საკითხი არ განიხილება

838

პლებისციტის საკითხი არ განიხილება, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, პლებისციტი არასერიოზული მოთხოვნა და წინადადებაა.

„ოპოზიციაში პლებისციტის საკითხთან დაკავშირებით განხეთქილებაა, თუმცა, მათი ერთ-ერთი ლიდერი, ყოფილი პრეზიდენტი ისე ამბობს პლებისციტზე, თითქოს ვინმე აქედან ეხვეწება. წარმოუდგენელი ამბავია ვირტუალურ კამათში შევიდნენ ეს ადამიანები ერთმანეთთან და არა ჩვენთან, პლებისციტზე საუბარი წარმოუდგენელია. არ შეიძლება პლებისციტით განსაზღვრო არჩევნების საკითხი – იყოს თუ არა. ჩემი აზრით, არასერიოზული მოთხოვნა და წინადადებაა. არანაირი რაციონალიზმი ამაში არ დევს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 4 მარტს განაცხადა, რომ რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით პლებისციტის მოდელს ოპოზიცია არ უნდა დათანმხდეს.

ოპოციზიური პარტიის ლიდერების დიდი ნაწილი სააკაშვილის ამ განცხადებას არ ეთანხმებიან. “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, არ იზიარებს მიხეილ სააკაშვილის პათოსს და ამბობს, რომ პლებისციტს ბევრი პლუსი აქვს.

ელენე ხოშტარიამ კი აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებში გადაწყვეტილებებს მიხეილ სააკაშვილი არ იღებს. სააკავშილის განცადებას არ ეთანხმებიან “ნაციონალურ მოძრაობაშიც”, სალომე სამადაშვილის თქმით, ასეთი განცხადებები საქმეს არ გამოადგება.

“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მხრიდან შეხვედრაზე თხოვნა იყო, რომ გარკვეულწილად კომპრომისულები ყოფილიყვნენ, რაზეც ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კომპრომისი იქნება, თუ ისინი რიგგარეშე არჩევნების მიმართ პლებისციტზე წავლენ.