ბოლნისის N1 საჯარო სკოლის შენობას სრული რეაბილიტაცია უტარდება. ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა ქ. ბოლნისის N1 საჯარო სკოლის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, კონსტანტინე კორძაძესთან ერთად დაათვალიერა.
მათივე ინფორმაციით, საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 4 631 333 ლარს შეადგენს. მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, წელს რეაბილიტაცია სოფელი ქვეშის სკოლის შენობაშიც მიმდინარეობს.
ამასთან, 2020 წელს სოფელ ზვარეთში მუნიციპალური განვითარების ფონდმა 60 ბავშვზე გათვლილი სკოლა ააშენა.
როგორც ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა განაცხადა, ბოლნისის N1 საჯარო სკოლის ისტორიულ შენობაში სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
„პროექტისთვის 4 631 333 ლარია გამოყოფილი. მოხარული ვარ, რომ მალე ჩვენი მოსწავლეები თანამედროვე სტანდარტების შესაბამის შენობაში გააგრძელებენ სწავლას. სკოლებში კომფორტული ინფრასტრუქტურის შექმნა მოსწავლეების სწავლის ხარისხზეც აისახება, ამიტომ მოხარული ვარ რომ პირველი სკოლის გარდა, წელს რებილიტაცია სოფელ ქვეშის საჯარო სკოლაშიც მიმდინარეობს“, – განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.