ხარაგაულის 2021 წლის ბიუჯეტში მოსახლეობის ტრანსპორტირების თანადაფინანსებისთვის 20 ათასი ლარია განსაზღვრული – ხარაგაული-თეთრაწყაროსა და ხევი-ხარაგაულის მიმართულებებით. ამ თანხის ათვისება, ამ დრომდე, არ დაწყებულა. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.
2021 წლის 2 თებერვალს ხარაგაულის თვითმმართველობამ დაბა ხარაგაულისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობის შეღავათიანად მგზავრობის მიზნით 10 ათას ლარზე ტენდერი გამოაცხადა. ტენდერი არ შედგა, რადგან მასში მონაწილეობა არავინ მიიღო.
2018 წლიდან მგზავრებს, ხარაგაულის რკინიგზის სადგურიდან თეთრაწყაროს მიმართულებით, ი/მ „შოთა აბაშიძე“ ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსებით ემსახურებოდა.
„წელს ტენდერი, გასულ წლებთან შედარებით, დამატებითი მარშრუტების განხორციელებას ითვალისწინებდა. თანხა კი ისევ 10 ათასი ლარია გამოყოფილი, – ამბობს შოთა აბაშიძე, – საწვავი გაძვირდა, ხარჯებში ვერ ვეტევი. თუ თანხას დაამატებენ, ტენდერში აუცილებლად ჩავერთვები“.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით დევდარიანი ამბობს, რომ განმეორებითი ტენდერი ამ კვირაში შეცვლილი პირობებით გამოცხადდება, – ან მიმართულებები შემცირდება, ან თანხა გაიზრდება.
„რაც შეეხება ბიუჯეტში დარჩენილ თანხას, ჯერჯერობით, დაზუსტებულ პასუხს, თუ როგორ გაიხარჯება, ვერ გეტყვით, – ამბობს დავით დევდარიანი, – მოსახლეობა ტრანსპორტირების თანადაფინანსებას მოლითი-ხარაგაულის მიმართულებითაც ითხოვს, მაგრამ თუ საავტომობილო გზა არ მოწესრიგდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვერ იმოძრავებს“.
მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურებას, ორი წელია, უშედეგოდ ითხოვს ძირულას ხეობის მოსახლეობაც. მათი მოთხოვნის გასათვალისწინებლად, საკრებულომ მერიას ჯერ კიდევ 2019 წელს მიმართა.
მოსახლეობის ტრანსპორტირების თანადაფინანსების პროგრამა მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურმა უნდა განახორციელოს. ამ სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი პეტრე შარიქაძე ამბობს:
– ხევი-ხარაგაულის მიმართულებით ტრანსპორტირების თანადაფინანსებისთვის ტენდერის გამოსაცხადებლად დოკუმენტაციის მომზადება, ჯერჯერობით, არ დაწყებულა. ხარაგაული-თეთრაწყარო-კიცხის მიმართულებით ტენდერის ჩატარების შემდეგ, თუ ბიუჯეტში საკმარისი თანხა დარჩა, ალბათ, სხვა მიმართულებებზეც ვიფიქრებთ“.
ხევი, ნადაბურის მარშრუტის მძღოლი დავით გელაშვილი ამბობს, რომ მუნიციპალიტეტის მხრიდან მცირე თანადაფინანსებაც კი მისთვის და მოსახლეობისთვის დიდი დახმარება იქნება.
„საწვავზე ფასის მომატების შემდეგ, მგზავრობის ღირებულება გავზარდე, ამან მოსახლეობის გულისწყეტა გამოიწვია. თუ ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსებას მივიღებ, რამდენჯერაც საჭირო იქნება, იმდენჯერ ვივლი. ეს მგზავრებისთვის დიდი დახმარება იქნება. ხევის მოსახლეობას ადგილობრივ ადმინისტრაციულ ცენტრისკენ გადაადგილება სჭირდება“, – ამბობს დავით გელაშვილი.
გასულ წელს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობის შეღავათიანი მგზავრობისთვის ბიუჯეტში 32 ათასი ლარი გამოყო. თუმცა, ტენდერი მხოლოდ 10 ათას ლარზე გამოაცხადდა.
2020 წელს, მგზავრთა შეღავათიანად გადაადგილებისთვის, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სულ 10 900 ლარი გაიხარჯა; აქედან 8 955 ლარი ხარაგაული-თეთრაწყაროს მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსის თანადაფინანსებისთვის; ხოლო 1 957 ლარი – ჩხერიმელას ხეობის სოფლებში მოძრავი მიკროავტობუსების საწვავის თანადაფინანსებისთვის.
2020 წელს მგზავრთა შეღავათიანად გადაადგილებისთვის ხარაგაულის ბიუჯეტში განსაზღვრული 32 ათასი ლარიდან 21 100 ლარი გაუხარჯავი დარჩა.
ასევე გაუხარჯავი დარჩა ადგილობრივ ბიუჯეტში 2019 წელს მგზავრთა ტრანსპორტირების თანადაფინანსებისთვის დაგეგმილი 20 ათასი ლარიდან – 10 ათასი ლარი, ხოლო 2018 წელს 16 ათასი ლარიდან – 6 ათასი ლარი.
საინტერესოა, წელს რამდენად შეასრულებს ხარაგაულის თვითმმართველობა საკუთარ გეგმას და რამდენად დააკმაყოფილებს მოსახლეობის მოთხოვნას – ხევი-ხარაგაულის მიმართულებით მგზავრთა ტრანსპორტირების თანადაფინანსებაზე.