კახიშვილი: საკრებულოებში მაჟორიტარი დეპუტატების შეკვეცის თემა მხოლოდ საარჩევნო ჯგუფის ფარგლებში არ უნდა გადაწყდეს

394

ვიდრე „ქართულ ოცნებასა“ და „მოქალაქეებს“ შორის მემორანდუმი შედგებოდა, ვთქვი, რომ საარჩევნო კოდექსში არის რიგი ცვლილებები, რასაც მხარს არ დავუჭერ, – ეს განცხადება დღეს, პარლამენტის სხდომაზე „ქართული ოცნების“ წევრმა კახა კახიშვილმა გააკეთა.

„ვფიქრობ, რომ ეს საკითხები არანაირ კავშირში არაა, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან, არამედ ესაა აბსტრაქციულად მოტანილი თემა, რომელიც გააზრებულიც არ არის. ესაა მაჟორიტარების შეკვეცის თემა საკრებულოებში. ვფიქრობ ასეთი მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტა, მხოლოდ საარჩევნო ჯგუფის ფარგლებში იქნება არასწორი. აუცილებელია პროცესში ჩართონ თვითმმართველობის ექსპერტები, რომლებიც შეაფასებენ ამ საკითხს. პარლამენტი და საკრებულო განსხვავდება ერთმანეთისაგან ფუნქციებითა და ამოცანებით. ის, რომ პარლამენტში განხორციელდა ცვლილება და მაჟორიტარული ნაწილი შეიკვეცა, სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ თვითმმართველობაში ეს შესაძლებელია. ამიტომ, ამოცანა არ უნდა იყოს, რომ უფრო მეტად მოვწყდეთ ხალხს“, – განაცხადა კახიშვილმა.

ამასთან პარლამენტარი აცხადებს, რომ საკრებულო და თვითმმართველობა ნიშნავს მეტ ურთიერთობას ხალხთან.

„ამ პასუხისმგებლობას იღებს მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატი. იმავე რაიონიდანაა, სადაც ირჩევენ და შესაბამისად ყოველდღიურ კომუნიკაციაშია მოსახლეობასთან. რთულად წარმომიდგენია, რომ საკრებულოში პროპორციული წესით არჩეული ადამიანი ასეთ რეჟიმში კონტაქტობდეს ადამიანებთან. თუ ამოცანა არის ის, ჩვენი ხელისუფლება მოსწყდეს ადამიანებთან კონტაქტს, რაც არცერთი ხელისუფლების ძლიერი მხარე არაა, რაც უფრო მეტი ხიდი გაუქმდება პირდაპირი კონტაქტის, თუნდაც, მით უფრო მალე დასრულდება ხელისუფლება“, – აღნიშნა კახიშვილმა.

საქართველოს პარლამენტს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტი წარედგინება, რომელიც „ქართული ოცნებისა“ და პარტია „მოქალაქეების“ მემორანდუმის ნაწილი იყო.